Trofeo Zamora - გიორგი მამარდაშვილი ჯილდოსთვის ბრძოლაში ჩაერთო

1 month ago 22

ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგის ბოლო ტურში, სტუმრად გრანადასთან მოგებულ შეხვედრაში (1:0) კარი მშრალად შეინახა, ესპანური გამოცემა MARCA-ს მიერ დაწესებული მეკარეთა პრესტიჟული ჯილდოს, "Trofeo Ricardo Zamora"-ს პრეტენდენტთა სამეულში შეაღწია. 

23 წლის ქართველი მეკარე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 30 მატჩში 32 გოლი გაუშვა, 11 შეხვედრაში კი კარი ნულზე შეინახა, "ტროფეო ზამორასთვის" ბრძოლაში მხოლოდ ბილბაოს ატლეტიკის მეკარე უნაი სიმონსს (29 მატჩი, 26 მიღებული გოლი) და რეალ სოსიედადის გოლკიპერ ალექს რემიროს (28 მატჩი, 28 გოლი) ჩამორჩება. 

გიორგიმ ლა ლიგაში მშრალი მატჩების პირადი რეკორდი უკვე გააუმჯობესა

გამოცემა MARCA გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს:

"ვალენსიას მეკარე წინა თვეში ფანტასტიკური თამაშისა და საშუალო მანვენებლის (1,07 გაშვებული გოლი მატჩში) წყალობით, მესამე პოზიციაზეა და კვალში უდგას სიმონსა (0,9) და რიმეროს (1). 

გიორგი მამარდაშვილს კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს. მიმდინარე ლა ლიგაში მან მე-11 მშრალი მატჩი გრანადასთან მიითვალა. ეს შედეგი რუბენ ბარახას მიერ შექმნილი დაცვითი სქემისა და ქართველი მეკარის დამსახურებაა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ მამარდაშვილი ნელ-ნელა ჩაერთო Trofeo Zamora-სთვის ბრძოლაში და ახლა უკვე მესამეა სიაში. მან 30 ჩატარებულ თამაშში 32 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 1,07 გოლია. ამით მან დაიკავა ადგილი იმ მეკარეთა შორის, რომლებსაც ლა ლიგაში ყველაზე ნაკლები ბურთი აქვთ გაშვებული.

ამ დროისთვის რეიტინგს უნაი სიმონი (ბილბაო) ლიდერობს, რომლის ანგარიშზე 29 თამაშში 26 გაშვებული ბურთია, კოეფიციენტი კი თამაშში 0,9 გოლი აქვს. მეორე ადგილზე რემიროა (რეალ სოსიედადი), რომლის კარი 28 თამაშში 28-ჯერ აიღეს - საშუალოდ ერთი გაშვებული გოლი მატჩში.

Trofeo Zamora-ს პრეტენდენტები
უნაი სიმონი (ბილბაო) - 29 მატჩი, 26 გოლი, საშუალო 0,90 გოლი.
ალექს რემირო (რეალ სოსიედადი) - 28 მატჩი, 28 გოლი, საშუალო 1.
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 30 მატჩი, 32 გოლი, საშუალო 1,07.
ალვარო ვალიესი (ლას პალმასი) - 29 მატჩი, 32 გოლი, საშუალო 1.10.
იან ობლაკი (ატლეტიკო) - 30 მატჩი, 35 გოლი, საშუალო 1,17. 

მამარდაშვილი თავისი ბრწყინვალე გამოსვლით დაიმსახურა ამ ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვა. განსაკუთრებით კი ბოლო ხანებში, როდესაც გუნდის ბურჯად მოგვევლინა და კარი მეტოქეებისთვის შეუვალი გახადა. წელს მისთვის ორ-ორი გოლის გატანა მხოლოდ მადრიდის რეალმა და ატლეტიკომ მოახერხეს", - წერს გამოცემა.

2022/23 წლების სეზონში ჯილდო ბარსელონა მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა მიიღო

გამოცემა MARCA-ს მიერ 1958 წელს დაწესებული საფეხბურთო ჯილდო "ტროფეო ზამორა", რომელიც ლეგენდარული ესპანელი მეკარის რიკარდო ზამორას სახელობისაა, ესპანეთის ჩემპიონატში ენიჭება მეკარეს, რომელსაც სეზონში გაშვებული ბურთების ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ექნება. 1983 წლიდან შემოღებული წესის თანახმად, მეკარეს ლიგაში მინიმუმ 28 მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული და თითოეულში, სულ ცოტა, 60 წუთი მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშები.

ვალენსიას ლა ლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 15 აპრილს, სტუმრად ოსასუნასთან ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა