WalesOnline: საქართველოს შოკისმომგვრელი გამარჯვება მძლავრი სიგნალია

1 month ago 25

უელსური WalesOnline უმცროსი ბორჯღალოსნების სენსაციურ გამარჯვებას გამოეხმაურა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 6 ერის ფესტივალზე უძლიერეს საფრანგეთს 20:19 მოუგო, უელსელები კი წერენ, რომ ეს სარაგბო სამყაროსთვის კიდევ ერთი მძლავრი სიგნალია, რათა ქართველი მორაგბეების მონდომება დაფასდეს.

"საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა შოკისმომგვრელი გამარჯვება იზეიმა ფრანგ თანატოლებთან და ამით მძლავრი სიგნალი მოგვცა. ანრი შველიძის გვიანმა ლელომ და გიგი სირბილაძის გარდასახვამ ტაბლოზე 20:19 დააფიქსირა და ეს შედეგი მით უფრო ხმაურიანია, თუკი ფრანგი ახალგაზრდების ძალას გავითვალისწინებთ. საფრანგეთს უძლიერესი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს, კონკრეტულად ამ გუნდმა კი პირველ ტურში ირლანდია 50:7 გაანადგურა.

ეს გამარჯვება იმ პროგრესის კიდევ ერთი ილუსტრაციაა, რომელიც ქართულ რაგბს აქვს. ამ ფონზე საქართველოს ნაკრების უფროს 6 ერზე დაშვების თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მას მერე, რაც უელსმა 6 ერზე "ხის კოვზი" დაიმსახურა, საქართველოს ნაკრებმა უორენ გეტლენდის გუნდს ტესტ-მატჩების გამართვა შესთავაზა: ეს ფაქტობრივად გავარდნა-აღზევების თამაში იქნებოდა, რადგანაც 6 ერის აუტსაიდერი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შეხვდებოდა.

U18 საქართველოს სენსაციური მოგების შეფასებისას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა: "ეს წარმატება ნამდვილად მძლავრი სიგნალია. იმედი მაქვს, ის ხალხი, რომელიც რაგბს მართავს, აღიარებს, რომ საქართველო აღმავლობის გზას ადგას და უკვე ვიმსახურებთ, რომ თავის გამოჩენისთვის მეტი შანსი მოგვეცეს".

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ამონაშვილის ნაკრებმა იტალიის ქალაქ პარმაში მიმდინარე ტურნირზე პირველი მატჩი შოტლანდიასთან გამართა და 14:22 წააგო, საფრანგეთთან სენსაციურად იმარჯვა, დასკვნითი შეხვედრა კი კვირას 7 აპრილს ელის, როდესაც თბილისის დროით 17:30 საათიდან ინგლისს დაუპირისპირდება. 'ვარდებს' ორივე გასული შეხვედრა მოგებული აქვთ: 36:35 უელსთანა და 28:6 – შოტლანდიასთან.

სრულად წაკითხვა