
ძლიერმა ქარმა სენაკში საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ჭადარი წააქცია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია ფეისბუქგვერდმა „ჩვენი სენაკი“ გაავრცელა.
ეს ის ჭადარია, რომელიც ძველ სენაკს 840 წელი ამშვენებდა. ლეგენდა მის დაბადებას თამარ მეფის ტახტზე ასვლას უკავშირებს. 1874 წელს საქართველოში იმოგზაურა ბრიტანელმა მოგზაურმა და მწერალმა ჯონ ბუჩან ტელფერმა. ის სენაკშიც იმყოფებოდა. საკუთარი შთაბეჭდილებები, დაკვირვებები და სხვადასხვა ისტორიული ცნობა ტელფერმა ლონდონში 1876 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერა. ამ წიგნში შეტანილია ინფორმაცია ძველი სენაკის ჭადრის შესახებაც.
ერთ-ერთი ფბ-მომხმარებელი წერს, რომ ფილმ „მამლუქის“ ერთ-ერთი ეპიზოდია ამ ხის ფუღუროშია გადაღებული.
ჭადარი სიმაღლეში 30 მეტრს აღწევდა და ჰქონდა ფუღურო, სადაც რამდენიმე ადამიანი ეტეოდა. ის მიჩნეული იყო მცენარეული სამყაროს იშვიათ ეგზემპლარად. როგორც ირკვევა, რვა საუკუნის ჭადარი ჯერ კიდევ შარშანდელი სტიქიის დროს დაზიანებულა. „თავის დროზე უნდა ეზრუნათ მის დაცვაზე და გამაგრებაზე, მაგრამ მთავრობიანად და ხალხიანად, ყველამ ფეხზე დავიკიდეთ და ვიშვიში კარგად ვიცით მაშინ, როცა ცუდად მთავრდება ყველაფერი“, – წერს კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი.