ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია აუკრძალა.
მჭედლიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნება და სახელმწიფომ ის უნდა გაითვალისწინოს.
„გაეროს კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა შეჩერდეს ყველა პროცედურა - როგორც ექსტრადიცია, ისე დეპორტაცია - სანამ საქმის განხილვა კომიტეტში არ დასრულდება“, - ამბობს მჭედლიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო, 18 სექტემბერს კი ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.
რადიო თავისუფლება სამინისტროს დაუკავშირდა ტიმოფეევის საქმეზე უწყების პოზიციის გასაგებად. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
radiotavisupleba ახალი ამბები