აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

4 hours ago 7

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში 2026 წლის 21 ივლისს, „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების სურვილს, რომელიც ურთიერთნდობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების ერთგულება.

დეკლარაციაში აზერბაიჯანი და გერმანია მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, მათი შეფასებით, „ისტორიულ წინსვლას“, მათ შორის 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შედეგებსა და ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს. გერმანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ორივე ქვეყნის ძალისხმევის მიმართ, რომელიც რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. მხარეები მხარს უჭერენ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული პარტნიორობის პრიორიტეტების მიღებას და არსებული თანამშრომლობის მექანიზმების სრულად გამოყენებას.

დეკლარაციის მიხედვით, აზერბაიჯანი და გერმანია თანამშრომლობის გაღრმავებას რამდენიმე ძირითად მიმართულებაში გეგმავენ:

  • პოლიტიკა და დიპლომატია –  მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის, მინისტრებს შორის კონსულტაციებისა და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის გაფართოება;
  • ეკონომიკა და ვაჭრობა –  ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, მწვანე ენერგიის, წყალბადის, ენერგოეფექტიანობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობა;
  • უსაფრთხოება და თავდაცვა – რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი, განაღმვის სფეროში თანამშრომლობა, თავდაცვის ინდუსტრიაში კავშირების განვითარება და სამხედრო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები;
  • კულტურა და განათლება –  კულტურული და აკადემიური გაცვლები, ინოვაციური, ციფრული და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობა;
  • მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები – ციფრული ტრანსფორმაციის, ინდუსტრიის მოდერნიზაციისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეკლარაციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდება მხარეთა რესურსებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

ოფიციალური ცნობითვე, ამავე ცერემონიაზე ხელი მოეწერა კიდევ ერთ დოკუმენტს – აზერბაიჯანულ-გერმანული ბიზნესსაბჭოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სრულად წაკითხვა