ალექსანდრე იაშვილი: ილია თოფურიას საკითხზე უეფასგან პასუხს ველოდებით

2 months ago 39

ლუქსემბურგთან მატჩის წინ ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი შესაძლოა მართლაც წარუდგინოს "დინამო არენის" პუბლიკას.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რაზეა ეს დამოკიდებული.

"რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენმა სპორტსმენმა, ილია თოფურიამ ამხელა წარმატებას მიაღწია. ეს თამაში უეფას ეგიდით ტარდება და მათგან ნებართვა გვჭირდება. როგორც კი, გვექნება მათგან პასუხი, გავიგებთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ეს. ჩვენც ძალიან გაგვიხარდება, თუ ეს გამოვა." - განაცხადა იაშვილმა.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პლეი ოფის უმნიშვნელოვანეს თამაშზე, ნაკრებში ჯაბა კანკავას დაბრუნებაზე და ეროვნული გუნდის მზადების პროცესზეც ილაპარაკა.

ალექსანდრე იაშილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი):

...ჯაბა კანკავაზე: „ნამდვილად მაგალითია ჯაბა, თუ რას ნიშნავს, შენი ეროვნული ნაკრების რიგებში თამაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანი გუნდში იყოს. ჯაბასგან საოცარი ემოცია წამოვიდა, ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რომ ნაკრებს დაეხმარება."

...ერთიანობის მნიშვნელობაზე: "არაერთხელ აღვნიშნე, რომ მთავარია ერთიანობა. ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით შეგვიძლია მიზანს მივაღწიოთ."

...მზადების პროცესზე: ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან სიარული, მათთან საუბარი, მათი თამაშის ყურება. ყველა მოთამაშემ იცის ამ მატჩის მნიშვნელობა, ყველა მზად არის მენტალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე ყველანი ჯანმრთელად ჩამოვლენ. საგურამოში მოვემზადებით ამჯერად, იქ მხოლოდ ჩვენი ნაკრები იქნება და ფეხბურთელებს მშვიდად მომზადების საშუალება ექნებათ. საგურამოში ახალი საფარი გაკეთდა, რომელიც საუკეთესო მდგომარეობაშია და კომფორტულად მომზადებისთვის იქ ყველა პირობაა.

ჩვენი მთავარი მიზანია, ფეხბურთელებს ნაკრებში საუკეთესო პირობები შევუქმნათ, რომ მხოლოდ თამაშზე იფიქრონ. ბოლო წლებია, მაქსიმალურად ასეც არის. ახლა ჩავთვალეთ, რომ საგურამოში მომზადება კარგი იქნებოდა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს ცალკე, მშვიდად, მოწყვეტილი იყოს ქალაქს. საგურამოში მომზადებით 21-წლამდელთა ნაკრებიდანაც კარგი გამოცდილება გვაქვს. ასე რომ, ვფიქრობთ, გუნდი იქ ყოფნით მხოლოდ თამაშზე იფიქრებს და მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნება."

...სანიოლისადმი სხვა ქვეყნების ინტერესზე: "ეს არაფერს აზიანებს/ პირიქით, კარგია, რომ შენი მწვრთნელით სხვა ქვეყანაში ინტერესდებიან. ეს ნიშნავს, რომ კარგად მუშაობს. მას წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი და ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, მშვიდად ვემზადებით."

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

სრულად წაკითხვა