ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც დასვეს შეკითხვები. გერმანელმა ჟურნალისტმა მერცს ჰკითხა, ბაქოში გერმანელი და რუსი ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო არაფორმალურ შეხვედრაზე გავრცელებული ცნობების შესახებ, ხოლო ალიევს – რას ურჩევდა ვლადიმირ პუტინს ომის დასასრულებლად.
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ომის დასრულება მხოლოდ რუსეთის მთავრობისა და პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული. სანამ ეს ომი გრძელდება, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დავუჭიროთ,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში სავარაუდო საიდუმლო შეხვედრის შესახებ მხოლოდ მედიისგან შეიტყო.
„ჩვენ ამის შესახებ გაზეთ The Times-დან შევიტყვეთ. ინფორმაცია გადავამოწმეთ და დადგინდა, რომ სტატიაში მოხსენიებული პირები იმავე პერიოდში მართლაც იმყოფებოდნენ ბაქოში. გერმანიიდან ჩამოვიდნენ რონალდ პოფალა და მათიას პლატცეკი, ხოლო რუსეთიდან ვიქტორ ზუბკოვი და ვალერი ფადეევი. გერმანიისა და რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენი ტერიტორია ჩვენი ცოდნის გარეშე იქნა გამოყენებული. ვერ დავადასტურებ, შედგა თუ არა შეხვედრა, თუმცა ფრენების მონაცემები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მსგავსი საიდუმლო შეხვედრა მართლაც გაიმართა. თუ ამ შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოჰყვება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით,“ – განაცხადა ალიევმა.
ეს ინფორმაცია პირველად გერმანულმა Die Zeit-მა და ARD-ის საგამოძიებო გადაცემამ Kontraste-მა გამოაქვეყნეს.
Die Zeit-ის გამოძიებაში წერია, რომ გერმანიის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები რონალდ პოფალა (ანგელა მერკელის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი) და მათიას პლატცეკი ბაქოში ფარულად ხვდებოდნენ კრემლთან დაახლოებულ რუს წარმომადგენლებს, მათ შორის ვიქტორ ზუბკოვს (გაზპრომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის ყოფილი პრემიერი) და ვალერი ფადეევს.
გამოცემის მიხედვით, მსგავსი შეხვედრები 2024 წლიდან რამდენჯერმე გაიმართა ბაქოსა და აბუ-დაბიში.
გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები ამ შეხვედრებს რუსეთის გავლენის ოპერაციად აფასებენ, რომლის მიზანიც გერმანიის პოლიტიკაზე ზემოქმედებაა.
Die Zeit-ის ცნობით, რუსული მხარე ცდილობდა გერმანელი მონაწილეებისთვის გადაეცა გზავნილი, რომ: უკრაინაში ომი მხოლოდ რუსეთის პირობებით შეიძლება დასრულდეს და ომის შემდეგ კი საჭიროა გერმანია-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების განხილვა.

4 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·