ამბები, რომლებიც შეიძლება შაბათ-კვირას გამოგრჩა

2 months ago 32

ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვირა იწყება და რა კარგია, რომ ეროვნული ნაკრების ყველა ლიდერი შესანიშნავ ფორმაში და კარგ განწყობაზეა. განსაკუთრებით ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გასულ უიკენდზე დუბლი შეასრულა, ასევე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პენალტი მოიგერია და ლა ლიგაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არც გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა აღმოჩნდა მძიმე - ითამაშა და საქართველოს ნაკრების დასახმარებლადაც მზადაა. გასული უიკენდის მთავარი ამბები "ორშაბათის საკითხავში".


ბუდუ | დუბლი და უკვე 10 გოლი

ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში სრულყოფილ ფორმაში და იდეალური განწყობით მოდის. ამ უიკენდზე მან მაგდებურგთან დუბლი შეასრულა და მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ბუდუმ პირველივე ტაიმში შეასრულა დუბლი და საგოლე პასიც მიითვალა. მე-13 წუთზე ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, 12 წუთში კი უკვე საჯარიმოსთან ბურთი წაართვა მოწინააღმდეგეს და ზუსტადაც დაარტყა. ტაიმის მიწურულს ბუდუმ გოლებს შედეგიანი გადაცემაც დაუმატა, როცა პაულ ნებელს დაეხმარა გოლის გატანაში. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს და მაგდებურგი 7:0 გაანადგურეს. ბუდუ 65-ე წუთზე შეცვალეს.

📋 | ბუდუ ზივზივაძის დუბლი ნახეთ აქ.

კვარა | ნაპოლიმ მილანიდან ქულა წაიღო

ხვიჩა კვარაცხელიას მილანის ინტერთან განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ახლა ეს მთავარი არც იყო - მნიშვნელოვანი ის არის, რომ კვარა საქართველოს ნაკრებში ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოდის. მართალია, ლუქსემბურგთან იმ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, მაგრამ იმედია, ფინალში მის გარეშეც გავალთ და იმ თამაშს ხვიჩა დასვენებულიც შეხვდება. თუმცაღა ცუდად არც ინტერთან უთამაშია, თანაც, ნაპოლიმ ქულა აიღო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

📋 | მატჩის მიმოხილვა და კვარაცხელიას თამაშის გამოხმაურება ნახეთ აქ.

მამარდა | პენალტი აიღო და საუკეთესო იყო

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში ვალენსიამ ვილიარეალთან დერბი წააგო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. "ღამურებმა" 0:1 წააგეს და სხვაობა გაცილებით დიდი რომ არ იყო, ეს ქართველი მეკარის დამსახურებაა, რომელმაც 6 დარტყმა მოიგერია და მხოლოდ ერთხელ ვერ გახდა ვერაფერს. გიორგის მთავარი მომენტი 39-ე წუთზე იყო, როდესაც ვალენსიელთა კარში პენალტი დაინიშნა. ალექს ბაენას დარტყმა მამარდამ კარის ხაზზე ცალი ხელით გააქვავა! ქართველისთვის ეს მეორე პენალტია, რომელიც ლა ლიგაში მოიგერია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს.

📋 | მამარდას "სეივები" და მისი თამაშის გამოხმაურება ნახეთ აქ.

ბორჯღალოსნები | საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია!

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ მოიგო და ამჯერად პარიზში, სტად ჟან ბუინის სტადიონზე. რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქე 36:10 დაამარცხა და ინგლისელმა მწვრთნელმა "ბორჯღალოსნებთან" ერთად პირველი ტიტულიც მოიპოვა. "ბორჯღალოსნებისთვის" ეს შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. გარდა იმისა, რომ ამ მატჩში ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, აუცილებლად იყო ანგარიში გასასწორებელი - ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალიასთან ფრე ითამაშა, რის გამოც ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა...

📋 | ფინალის მიმოხილვა ნახეთ აქ.

შერმადინი | ახალი რეკორდი - MVP მეოცედ!

გიორგი შერმადინი ACB ლიგის ტურის MVP გახდა! მან 25-ე ტურის მატჩში, რომელშიც ლენოვო ტენერიფემ 79:66 მოუგო ანდორას, 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა (სულ რაღაც 28 წუთში). ის ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 20-ჯერ გახდა ტურის საუკეთესო კალათბურთელი. გიორგი ჯერ კიდევ მე-17 ტურში გაუთანაბრდა არვიდას საბონისს და ლუ როს, ახლა კი ის უკვე ერთპიროვნული რეკორდსმენია. გიორგიმ ანდორასთან თამაში მარგი ქმედების საოცარი კოეფიციენტით დაასრულა: 37! აღსანიშნავია, რომ შერმადინი ACB ლიგის თვის MVP-ც ყველაზე ხშირად გამხდარა ისტორიაში - 12-ჯერ. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ქართველი ცენტრი ორჯერ გახდა ACB ლიგის სეზონის MVP, 2020/21 და 2022/23 წლების სეზონებში. 

სრულად წაკითხვა