ამერიკამ უკრაინას "ატაკამსები" მიაწოდა, რუსეთი კი ირწმუნება, რომ ეს ომის შედეგებს არ შეცვლის

1 week ago 4

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა "ატაკამსების" სახელით ცნობილი, შორი რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები (ATACMS), რომელთაც უკრაინა სულმოუთქმელად ელოდა, - აღნიშნული განცხადება "ამერიკის ხმასთან" მაიორმა ჩარლი დიცმა გააკეთა, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ინფორმაცია "ამერიკის ხმას" კიდევ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა. მათი თქმით, უკრაინამ "ატაკამსები" სამშაბათს ღამით უკვე გამოიყენა.

სხვა საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კიევმა შორი რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები მანამდე, გასულ კვირაში გაისროლა, როცა სამიზნეში ყირიმში განლაგებული რუსეთის სამიზნეები ამოიღო.

ახალი ბალისტიკური რაკეტების რადიუსი 300 კილომეტრამდეა, რაც უკრაინის საიერიშო შესაძლებლობების მანძილს თითქმის აორმაგებს. ეს მარტის შუა რიცხვებში გამოყოფილი $300 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია,- აღნიშნავს მაიორი დიცი. მან თავი შეიკავა ეპასუხა კითხვაზე, აპირებს თუ არა ამერიკა უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი "ატაკამსების" მიწოდებას, ახლადდამტკიცებული დახმარების ფარგლებში.

”ჩვენ მაშინ არ გამოგვიცხადებია, რომ უკრაინას ვაწვდიდით ამ ახალ შესაძლებლობებს, რაც უკრაინის ოპერატიული უსაფრთხოების შენარჩუნების მოსაზრებითა და მათი მოთხოვნით მოხდა,”- განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

25 აპრილს კრემლმა განაცხადა, რომ "ატაკამსების" კიევისთვის გადაცემა ომის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ეს თავად უკრაინას შეუქმნის პრობლემებს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, 24 აპრილს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტებს შეუტიეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს უკრაინული დრონები სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა სმოლენსკისა და იარცევოს რაიონებში. მისი თქმით, ცეცხლის გამო არავინ დაშავებულა. ამას გარდა, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმაც თქვა, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები სახლს დაეჯახა და იქაც ხანძარი გაჩნდა.

სრულად წაკითხვა