არასამთავრობოები „აირჩიე ევროპას“ საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

1 month ago 26

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 16 სექტემბერს დაგმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ანტიკორუფციულ ბიუროს სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ დამფუძნებლებისა და ფიზიკური პირების პირად მონაცემებსა და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლება მიანიჭა.

საიას განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას, პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვთ „კამპანიის არაპარტიულ მონაწილეებს“ (მესამე პირებს), რომელთაც უფლება აქვთ „შეაგროვონ დონაციები და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოხატონ თავისი შეხედულებებიც“.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული „გონივრული“ და „პროპორციული“ რეგულაციები და შეზღუდვები, რომელთა გამოყენებაც სახელმწიფოს სათანადო დასაბუთებით შეუძლია, მათ უპირობოდ არ უნდა შეზღუდონ „მესამე პირების“ უფლებები. სახელმწიფომ თავი შეიკავოს „გადაჭარბებული და თვითნებური კონტროლისგან“ და ეს შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და შესაბამისად დასაბუთებული.

საია ასევე აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი მოიცავს სამი ტიპის სუბიექტის – პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. მას უფლება აქვს გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა, ნებისმიერი პირისგან და შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით იმ ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. ბიურომ უნდა მიუთითოს ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აღნიშნავს ორგანიზაცია.

საია აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას არ ერთვის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, ჩამოთვლილთაგან რომელიმე სუბიექტის მიმართ დაწყებულ მონიტორინგის პროცესს. ამის ნაცვლად, ბიურო „აირჩიე ევროპის“ საქმიანობას  უწოდებს „ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებებს, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს“. შესაბამისად, შემოწირულობების მიმართ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს განავრცობს მის აქტივობებზე. „ბიუროს დასაბუთებით, ორგანიზაცია ახორციელებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისგან თავის შეკავების კამპანიას.11 ბიურო არ განმარტავს, რომელი ნორმა ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ ისე, რომ კონკრეტული კანონით გათვალისწინებული სუბიექტის მიმართ არ ხორციელდებოდეს მონიტორინგის პროცესი, ან რომელი ნორმით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულ რეგულაციაზე გაავრცელოს საკუთარი მანდატი“, – აცხადებს საია.   

საია ასევე აღნიშნავს, რომ ბიურომ უნდა დაასაბუთოს და სასამართლომ უნდა განიხილოს არა მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვნის მიზანი, არამედ ინფორმაციის მოცულობის აუცილებლობა და მისი შესაბამისობა მიზანთან, რაც არც ბიუროს და არც სასამართლოს ამ შემთხვევაში არ გაუკეთებია“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ფინანსური ზედამხედველობის უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია შემოსავლების გამჭვირვალობასთან, არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო აქტივიზმის ან გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, რაც აუცილებელია ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის საჯარო დებატების მეშვეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების უზრუნველყოფა საარჩევნო პერიოდებში, აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობა იწვევს შეშფოთებას მისი უფლებამოსილების თვითნებური გამოყენების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია. ეს ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ. ასეთ ვითარებაში, „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა“. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, „პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქციები. სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება არ სცემს პასუხებს საქმისათვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვას“.

საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის შეფასება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ასევე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და აღნიშნა: „მიგვაჩნია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ განცხადებების გამო დაიწყოს სამოქალაქო მოძრაობის და მისი დამფუძნებლების პირადი ფინანსური ანგარიშების შემოწმება, არის სრულად უკანონო და წამოადგენს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის უხეშ და უპრეცენდენტო შემთხვევას“.

ორგანიზაციის თქმით, ბიურო „აირჩიე ევროპას“ განიხილავს განცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე პირად და სურს მისი ფინანსური მონიტორინგის განხორციელება. „ამის დასადასტურებლად ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობაში მიუთითა „აირჩიე ევროპის“ მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობების შინაარსზე და მათი დამფუძნებლების საჯარო განცხადებებზე, რომელიც შემდგომში სასამართლომ ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებებად მიიჩნია, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის – ქართული ოცნების მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. თუმცა, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ,,განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი“. ამავე კანონის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები და სასამართლოს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ორგანიზაციის, ასევე მისი დამფუძნებლების უფლებას გამოხატვის თავისუფლებასა და პირად ცხოვრებაზე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაიცავს მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ უფლებებს სააპელაციო სასამართლოში და მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეწყვიტოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია და საკუთარი მანდატის გამოყენება რეპრესიებისთვის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ უნდა ცნოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა