არის მეორე ოქრო! შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემის ფინალი 32 წამში მოიგო

1 month ago 56

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. ტურნირის მეორე დღეს ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა 73 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური სტატუსით მოჭიდავე რუს კარენ გალსტიანს მოუგო.

ლაშამ "თბილისი არენის" ტატამიზე მეტოქე 32 წამში ბრწყინვალე ილეთითი იპონზე დააგდო და გამარჯვება იზეიმა.


ოლიმპიური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა 32 წლის ძიუდოსტმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ფინალამდეც ძალიან დამაჯერებლად იასპარეზა. შავდათუაშვილმა გზიდან გერმანელი იგორ ვანდტკე (გაფრთხილებებით), ირლანდიელი ჯოშუა გრინი (ვაზარი-იპონით), კორეელი ჰეონჩეოლ კანგი (იპონით) და ებრაელი ტოჰან პუტბული (ვაზარით) ჩამოიშორა. 


ლაშა შავდათუაშვილს თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი კარიერაში მეორედ მოიგო, პირველად კი ეს 2022 წელს შეძლო. 2021 და 2023 წლებში ის ამ ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. კიდევ ერთი გამარჯვება ძიუდოისტს თბილისურ ტურნირში, ოღონდ გრან პრის სტატუსით, 2018 წელს აქვს მოპოვებული. 2014 წელს ის ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 2015 და 2016 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ჯამში მშობლიურ კედლებში შავდათუაშვილს უკვე 9 მედალი აქვს. 

23 მარტს, თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლები კაცთა 73 და 81, ხოლო ქალთა 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდა. ტატიმიზე 13 ქართველი ძიუდოსტი (8 კაცი, 5 ქალი) გავიდა, თუმცა, მათგან ფინალურ ბლოკში გადასვლა მხოლოდ შავდათუაშვილმა შეძლო. დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ.) რეპეშაჟში მოხვდა, მაგრამ ბრაზილიელ გაბრიელ ფალკაოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

ამრიგად, თბილისის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს მედალია. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩემპიონობა 57 კგ-მდე წონი კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იზეიმა.

სრულად წაკითხვა