არის ოქრო! ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

1 month ago 64

ეთერ ლიპარტელიანმა კარიერაში პირველად მოიგო გრანდ სლემის ოქრო. 24 წლის ძიუდოისტმა, რომელსაც აქამდე გრანდ სლემებზე ოთხჯერ ჰქონდა ფინალი წაგებული, ნავსი თბილისის წლევანდელ გრანდ სლემზე გატეხა. ლიპარტელიანმა გადამწყვეტ შეხვედრაში კანადელი ჯესიკა კლიმკეიტი დაამარცხა.

2022 წლის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ლიპარტელიანმა ტიტულოვანი 27 წლის კანადელი ძიუდოისტი (მსოფლიოს და პან-ამერიკის ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი) ვაზარზე მალევე დააგდო, ორთაბრძოლის ბოლომდე მხოლოდ 2 შიდო მიიღო და უპირატესობა აღარ დათმო. 


ტატამიდან გასულ ეთერ ლიპარტელიანს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენა წინ ელოდა. მას კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი თემურ ნოზაძე შეეგება, რომელმაც ხელი სთხოვა.


საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა გამოსვლა მე-2 წრიდან დაიწყო და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე ნატალია ელკინა დააიპონა, რის შემდეგაც გზიდან ვაზარით ბელგიელი მინა ლიბერი ჩამოიცილა. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 1/4-ფინალში თბილისის გრანდ სლემის შარშანდელ გამარჯვებულს, სერბ მარიცა პერიშიჩს ეფექტური გდებით სუფთად მოუგო.


ლიპარტელიანი ნახევარფინალში სლოვენიელ კაია კაიზერს შეხვდა. დაპირისპირება დაძაბული გამოვიდა, მაგრამ დამატებულ დროში, როდესაც მეტოქეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ, ვაზარით შეფასებული გდებით გამარჯვება ქართველს დარჩა. 


"თბილისი არენაზე" 22 მარტს დაწყებული ტურნირის პირველ დღეს ტატიმიზე საქართველოს 16 ძიუდოისტი გავიდა (8 კაცი, 8 ქალი), თუმცა ფინალურ ბლოკამდე მიღწევა, ლიპარტელიანთან ერთად, მხოლოდ გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ.) შეძლო. სამწუხაროდ, 20 წლის ძიუდოსტი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. 

ასპარეობას ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ: ირაკლი კუპატაძე, თომა გელაშვილი, ლუკა მოდებაძე (ყველა -60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, გიგი ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, თენგო ზირაქაშვილი (ყველა -66 კგ.), თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია (ყველა -48 კგ.), თამარ სუხიაშვილი, მარიამ ფოცხვერაშვილი, ელენე წიკლაური (-52 კგ.), ნინო ლოლაძე და გვანცა მჭედლიშვილი (-57 კგ.). 

23 მარტს თბილისურ ტურნირში მედლები კაცთა 73 და 81, ხოლო ქალთა 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი, საბა ხალიშვილი, ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩხეიძე (ყველა -73 კგ.), ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე (ყველა -81 კგ.), ნინო წიკლაური, რეგინა უთნელიშვილი (ორივე -63 კგ.), ნინო გულბანი, ლიზი კვარაცხელია და მარიამ ჭანტურია (ყველა -70 კგ.) გავლენ.

სრულად წაკითხვა