ასე უნდა მოვუგოთ საბერძნეთს - ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან

1 month ago 30
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • საქართველოდან ბერძნულ ფეხბურთს თემურ ქეცბაიაზე უკეთ არავინ იცნობს
  • ჩვენ მას ფინალის წინ კვიპროსში დავუკავშირდით და დღევანდელ მატჩზე ვესაუბრეთ

2014 წლის ბოლოს, საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას კანდიდატურა განიხილებოდა. საბოლოოდ, გარიგება არ შედგა და საქართველოს ნაკრების ლეგენდა და ყოფილი მწვრთნელი კვიპროსის ეროვნულ გუნდს წვრთნის. გუშინ, კვიპროსელებმა ამხანაგურ მატჩში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლეს და იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმში სტუმრებზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, 0:1 დამარცხდნენ. ქართველი მწვრთნელი სწორედ ბალკანელებთან მატჩის გამო ვერ ესწრება საქართველო-საბერძნეთის ევრო 2024-ზე გამსვლელ ფინალს. თემურს ბერძენი ფეხბურთელები საკლუბო დონეზეც დაუმარცხებია, 2022 წლის სექტემბერში კი, ელინთა ეროვნული გუნდს ლარნაკაში აჯობა და წყალი საქართველოს ნაკრების წისქვილზე დაასხა. თემურ ქეცბაია ბერძენთა ამჟამინდელ თავკაც გუსტავო პოიეტსაც კარგად იცნობს (ჯერ კიდევ „ნიუკასლი“-„ჩელსის“ დაპირისპირებებიდან). ჩვენ თემურს ბერძნების დასამარცხებელი „რეცეპტის“ გასაგებად კვიპროსში შევეხმიანეთ:

europop: თემურ, სანამ საბერძნეთთან მატჩზე გკითხავთ, სერბეთთან გუშინდელ მატჩზე მოგვიყევით…

თემურ ქეცბაია: როცა ნაკრები თამაშობს, არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგური შეხვედრაა, თუ - საკვალიფიკაციო. სერბეთთან მატჩი ცუდად დავიწყეთ, საწყის 15-20 წუთში გუნდი ძალიან იყო არეული. თუმცა, თანდათანობით, გამოვასწორეთ თამაში და გოლის გატანაც შეგვეძლო. მეტიც, მეორე ნახევარში, რამდენჯერმე შევუტიეთ ძალიან სახიფათოდ და დასანანია, ანგარიშის გათანაბრება რომ ვერ შევძელით. 

europop: უკმაყოფილო იყავით - მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერთი კვიპროსელი ჟურნალისტიც არ მოვიდაო... თვითონ ვარ მომსწრე: კვიპროსი-საქართველოს ბოლო მატჩისას, „აეკის“ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ადგილობრივებზე მეტი ქართველი ჟურნალისტები ვიყავით! კვიპროსული მედია თქვენ გიცხადებთ ბოიკოტს, თუ - სანაკრებო თამაშები არ აინტერესებთ? 

ქეცბაია: სამწუხაროდ, აქაურ მედიას მხოლოდ სატელევიზიო სტუდიებში ჯდომა და ლაპარაკი აინტერესებს - ეროვნულ ნაკრებს მარტში ზედიზედ ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდა და  მაყურებლის და ჟურნალისტების ინტერესი ძალიან დაბალი იყო... სამწუხაროა, რომ აქაურების მთელი ყურადღება საკლუბო ფეხბურთს ეთმობა. გასაგებია, რომ წარმატებული თამაშით არ გამოვირჩევით, მაგრამ რაც უნდა უკმაყოფილო იყო, როცა შენი ქვეყნის ნაკრები თამაშობს, უნდა მიხვიდე და თუნდაც ერთი კითხვა დასვა - კორესპონდენტს სხვა რა ფუნქცია აქვს?! რა გამოდის - ფეხბურთი გიყვარს და შენი ქვეყანა - არა?! წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა მატჩი ვითამაშეთ და რვავე, ფაქტობრივად, გასვლაზე, რადგან კვიპროსში თამაშის დროსაც, მეტოქე გუნდს ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს ხოლმე.

'შესაძლოა, სამის ნაცვლად, ვილი სანიოლს ოთხი მცველით თამაში ურჩევნია, მაგრამ რგოლებს შორის ბალანსი რომ დაიცვას, მაინც ამ სქემას ამჯობინებს'

europop: გადავიდეთ ინტერვიუს მთავარ თემაზე: რას ელის თემურ ქეცბაია საქართველო-საბერძნეთის მატჩისგან?

ქეცბაია: იმავეს, რასაც მთელი საქართველო! ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობს და ვინც სტადიონზე ვერ მიდის, ნაკრებს ტელევიზორთან უქომაგებს. მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება იმისთვის, ათწლეულების ნატვრა რომ ახდეს და საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს. 

1999 წლის 5 ივნისს, სწორედ თემურ ქეცბაია იყო ის ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრებიდან საბერძნეთს ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაუტანა

europop: ყველა რომ მოინდომებს, ეჭვი არავის გვეპარება. თუმცა, ჯერ სწორი სტრატეგიის არჩევა იქნება აუცილებელი. ბევრჯერ გითამაშიათ ბერძნების წინააღმდეგ - ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში, 2022 წელს, დაამარცხეთ კიდეც საბერძნეთის ნაკრები, ბერძნული კლუბის მწვრთნელიც იყავით და თქვენი შეხედულება ძალიან საინტერესოა - რა ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ და როგორ უნდა მოვიგოთ დღევანდელი მატჩი?

ქეცბაია: მხოლოდ სურვილი საკმარისი არასდროს არის - მწვრთნელი სტრატეგიას და სათამაშო სისტემას ყოველთვის იმის მიხედვით ირჩევს, რა შესაძლებლობების მოთამაშეები ჰყავს და როგორ კონდიციაშია თითოეული მათგანი. შესაძლოა, სამის ნაცვლად, ვილი სანიოლს ოთხი მცველით თამაში ურჩევნია, მაგრამ რგოლებს შორის ბალანსი რომ დაიცვას, მაინც ამ სქემას ამჯობინებს. ასეა თუ ისე, ყველაზე კარგად სწორედ მწვრთნელმა იცის, როგორია ოპტიმალური გადაწყვეტილება ფეხბურთელების შესაძლებლობებისა და ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით. სწორედ სანიოლის დამსახურებაა, ჩვენი ნაკრები აქამდე რომ მოვიდა და დღეს გადამწყვეტ მატჩს თამაშობს. ისღა დაგვრჩენია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნაკრებს და ყველაფერი გავაკეთოთ, ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს. 

europop: საბერძნეთის ნაკრები 2022 წლის სექტემბერში დაამარცხეთ - რის ხარჯზე აჯობა მაშინ კვიპროსის ნაკრებმა გუსტავო პოიეტის გუნდს?

ქეცბაია: მაშინ, ახლანდელისგან განსხვავებით, ბერძნებს აბსოლუტურად განსხვავებული სისტემით ვეთამაშეთ. კი, ის მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მეორე ტაიმმაც და მომდევნო შეხვედრებმაც დამარწმუნა, რომ კვიპროსის ამ ფორმაციის ნაკრებს არ შეუძლია სხვანაირად თამაში! იმ შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან მაგრად ვითამაშეთ და გოლიც გავიტანეთ... მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ უფრო დაცვით ტაქტიკაზე გადავეწყვეთ და ანგარიშის შენარჩუნება შევძელით. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც შედეგით ფასდება და თუ შედეგი გვინდა, კვიპროსის ამ ნაკრებმა სწორედ ასეთი ტაქტიკით უნდა ითამაშოს. ვიღაც იტყვის - მაინც აგებ და ბარემ შეუტიე მაინცო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ამ სისტემით წარმატების მეტი შანსი მაქვს. გუშინაც, სერბეთთან სამი მცველით ვითამაშეთ და მეორე ტაიმში სტუმრებს ნამდვილად ვჯობდით.

'ისეთი რაღაც არ უნდა დაგვემართოს, რაც 2020 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში'

europop: კვიპროსის შემთხვევაში, გეთანხმებით, მაგრამ საქართველო? ბერძნებთან ჩვენც უნდა „ჩავკეტოთ“ თამაში, მეტი ყურადღება დაცვას დავუთმოთ?

ქეცბაია: ასეთ მატჩში, ყველაზე მნიშვნელოვანია, გოლი არ გავუშვათ. ისეთი რაღაც არ უნდა დაგვემართოს, რაც 2020 წელს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, როცა გოლი გავუშვით და მერე, გათანაბრება ვეღარ შევძელით. გოლს თუ არ გაუშვებ, ყოველთვის არის შანსი, მატჩი შენთვის სასურველი სცენარით დაასრულო. მით უმეტეს, როცა გყავს ფეხბურთელები, რომლებიც მატჩის განმავლობაში აუცილებლად შექმნიან რამდენიმე საგოლე ეპიზოდს. ესპანეთთან დიდი ანგარიშით წაგებულმა შეხვედრა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრებს არ შეუძლია ისეთი სისტემით თამაში და ოპტიმალური სისტემა სწორედ ის არის, რასაც სანიოლი ამჟამად იყენებს დაცვით ხაზში. „შორიდან“ ლაპარაკი ადვილია, ყველაზე კარგად კი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იცის, ვის რომელ სისტემაში და რა პოზიციაზე შეუძლია მეტი სარგებლის მოტანა. 

europop: სათამაშო სისტემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მობილიზება, განწყობა, საქმისადმი მიდგომა... შეიძლება თქვას, კვიპროსის ეროვნულ გმირად იქეცით, როცა რამდენჯერმე მოახერხეთ კუნძულელებისთვის პრინციპული მეტოქეების დამარცხება და კარგად იცით, ასეთ დროს, რა მნიშვნელობა აქვს განწყობას და მოტივაციას. 

ქეცბაია: დღევანდელი მატჩი ისეთი მნიშვნელობისაა, არ მგონია, ნაკრების რომელიმე წევრს დამატებით სჭირდებოდეს მოტივირება  - ყველამ იცის, რა დევს სასწორის პინაზე. მეორე მხრივ, უდიდესი აჟიოტაჟი ფეხბურთელებზეც მოქმედებს - ადამიანები არიან და ცხადია, ნერვიულობენ, განიცდიან... ამიტომაც, აუცილებელია, ზედმეტი წნეხით არ დავთრგუნოთ, მობილიზებულად, მაგრამ  თავისუფლად ითამაშონ და შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ. ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ, კარგი გუნდი გვყავს და ისტორიული წარმატების შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე დავიხარჯებით. არავინ იცის, კიდევ როდის მოგვეცემა ასეთი შესაძლებლობა და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ!

თემურ ქეცბაია და ვილი სანიოლი საქართველოს და კვიპროსის მატჩის დროს

europop: ყველაზე მეტად, რას უნდა ვუფრთხოდეთ საბერძნეთის ნაკრებისგან?

ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრები გუნდური ფეხბურთის კარგი მაგალითია. ეს ნაკრები არ არის დამოკიდებული ერთ ან ორ კონკრეტულ მოთამაშეზე - ეს არის ერთიანი, კარგად შეთამაშებული გუნდი, რომლის მოთამაშეთა უმეტესობა თამაშობს ბერძნული ფეხბურთის უძლიერეს კლუბებში ან ძლიერ ევროპულ გუნდებში და მხოლოდ კი არ ირიცხებიან იქ - მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც აქვთ. ძალიან სახიფათო, არაპროგნოზირებადი გუნდია - არ იცი, რას ელოდო მათგან! არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ. შეიძლება, ნებისმიერთან წააგონ, მაგრამ ამავდროულად - ნებისმიერი ნაკრების დამარცხებაც შეუძლიათ. 

europop: ბერძნების ხასიათზე რას იტყვით? მახსოვს, როცა „ოლიმპიაკოსის“ მწვრთნელის პოსტიდან წამოხვედით, ამბობდით - საბერძნეთში რასიზმი ჩემს თავზე გამოვცადეო... სხვა ერების წარმომადგენელთა მიმართ ქედმაღლურ დამოკიდებულებას გულისხმობდით? როგორ გგონიათ, თბილისშიც უპირატესობის გრძნობით ჩამოვიდნენ?

ქეცბაია: ბერძნებმა ძალიან კარგად იციან ამ თამაშის მნიშვნელობაც და ისიც, რომ თბილისში ურთულესი ბრძოლა ელით. ეს არ არის რიგითი მატჩი, რომ ვინმე აგდებულად უყურებდეს. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ცალსახად მათ მხარესაა, აქამდე, ერთხელაც არ დაგვიმარცხებია, მაგრამ იოლი გასეირნება არასდროს ჰქონიათ და მით უმეტეს - ასეთ გადამწყვეტ მატჩში არ ექნებათ. რაც ბერძნებთან გვითამაშია, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა სწორედ დღეს იქნება და იმედია, ნავსს სწორედ დღეს გავტეხთ! 

'გული მწყდება, რომ სერბეთთან მატჩის გამო, თბილისში ჩამოსვლას ვერ ვასწრებ'

europop: საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელს კარგად იცნობთ: „ჩელსიში“ თამაშის დროს, გუსტავო პოიეტმა რამდენჯერმე გაამწარა „ნიუკასლის“ დაცვა, თუმცა, „სამაგიერო“ მწვრთნელის რანგში გადაუხადეთ და 2022 წელს მისი გუნდი 1:0 დაამარცხეთ. რას იტყვით ურუგვაელ მწვრთნელზე?

ქეცბაია: პოიეტს ძალიან კარგად შეუძლია თავისი ფეხბურთელების მოტივირება, „ჯიგრიანი“, ტემპერამენტიანი კაცია, არ ჰგავს ბერძნების წინა დამრიგებლებს. ამავდროულად, კარგი მწვრთნელიც არის და ეს საბერძნეთის ნაკრების მატჩებშიც კარგად ჩანს. გუსტავოს კარგად ვიცნობ და შეხვედრისას ერთმანეთს თბილად მოვიკითხავთ ხოლმე. თუმცა, დღეს ჩვენ არც პოიეტი გვაინტერესებს და არც - ვინმე სხვა: მთელი საქართველო მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაიმარჯვოს დღევანდელ, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში! არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში ისეთი აჟიოტაჟი და მოლოდინი იყოს, როგორიც საქართველოშია. გული მწყდება, რომ სერბეთთან მატჩის გამო, თბილისში ჩამოსვლას ვერ ვასწრებ, მაგრამ არა უშავს - საქართველოს ნაკრებს ტელევიზორთან ვუქომაგებ. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ! იმედი მაქვს, ყველა ერთად გავიხარებთ საქართველოს ნაკრების წარმატებით!  

europop: იყო შანსი, საბერძნეთის ნაკრების რომელიმე წინა მწვრთნელის ადგილას თქვენ გემუშავათ - 2014 წლის ნოემბერში, ბევრს ლაპარაკობდნენ საბერძნეთის ნაკრების თავკაცად თქვენს შესაძლო დანიშვნაზე... რატომ არ შედგა შეთანხმება?

ქეცბაია: ჩასული ვიყავი საბერძნეთში, გუნდის უფროს კარაგუნისსაც შევხვდი, მაგრამ... საბოლოოდ, არჩევანი არგენტინელ-ურუგვაელ მარქარიანზე შეაჩერეს...

europop: 7 მარტს, თქვენც ითამაშეთ ბათუმში გამართულ „ლეგენდების სერიის“ მატჩში:  საქართველოს ნაკრები „ინტერის“ ვარსკვლავებთან დამარცხდა, თუმცა, მაყურებელმაც ძალიან ისიამოვნა და დარწმუნებული ვარ - მატჩის მონაწილეებმაც! როგორი გრძნობა იყო ამდენი წლის შემდეგ, ეროვნული ნაკრების მაისურის კიდევ ერთხელ მორგება?

საქართველოს ნაკრების ლეგენდების სასტარტო შემადგენლობა ინტერის ლეგენდებთან მატჩში

ქეცბაია: ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი... დიდი მადლობა „ევროპოპს“ და მატჩის ყველა ორგანიზატორს ასეთი საინტერესო მატჩის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის. ამინდს თუ არ ჩავთვლით, ბათუმში ყველაფერი საუცხოო იყო. სამწუხაროდ, „ინტერთან“ ბევრი ვერ ვითამაშე - ფეხებმა „მიმტყუნა“, მაგრამ ასეთ მატჩში თუნდაც ერთი წუთის თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. იმედი მაქვს, მალე კიდევ მომეცემა მსგავს შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა.

სრულად წაკითხვა