რუსეთის სახელმწიფო დუმის 20 სექტემბრის არჩევნებისთვის აფხაზეთში კენჭისყრა 35 საარჩევნო უბანზე გაიმართება. 2021 წლის რუსეთის ამავე არჩევნების დროს სულ 9 უბანი იყო გახსნილი.
აფხაზეთში არჩევნებში მონაწილებას აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და სექტემბერში აფხაზეთში მყოფი ტურისტები შეძლებენ. ოფიციალური ცნობით, რუსეთის მოქალაქეები არჩევნებში 152 ქვეყანაში, 319 საარჩევნო უბანზე შეძლებენ მონაწილეობას.
2026 წლის მონაცემით, რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთში დაახლოებით 190 ათას ადამიანს აქვს.
„აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანი ფლობს რუსეთის მოქალაქეობას. მათთვის სახელმწიფო დუმის არჩევნები აბსტრაქტული პოლიტიკა არ არის, ეს კონკრეტულად ეხება სოციალურ გარანტიებს, რუსულ-აფხაზურ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება იმ კურსს, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. როდესაც ადამიანები საარჩევნო უბნებზე მიდიან და ხმას აძლევენ, ამით აჩვენებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება როგორც რუსეთი, ისე აფხაზეთი. წელს საარჩევნო უბნების რაოდენობა გავზარდეთ, რათა ადამიანებისთვის ხმის მიცემა მოსახერხებელი იყოს და მათ შორ მანძილზე მგზავრობა არ დასჭირდეთ. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ხმა მოსმენილი იყოს“, – განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
რუსეთის დუმის არჩევნებში სულ 4 436 კანდიდატია რეგისტრირებული. რუსეთმა საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა 100-ზე მეტ ქვეყანასა და 12 საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა. 20 აგვისტოს მდგომარეობით, მონაწილეობა 55 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
netgazeti