აშშ და ირანი დარტყმებს განაგრძობენ, ვრცელდება ცნობები შესაძლო ზავის შესახებ

6 hours ago 4

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 21 ივლისს გამთენიისას დაასრულეს ირანზე დარტყმების მორიგი სერია. თეირანმა ისევ განაცხადა, რომ პასუხად რეგიონის ქვეყნებში შეუტია ამერიკულ ობიექტებს.

ზედიზედ მეათე ღამის განმავლობაში განხორციელებული შეტევის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალური ქსელებით გაავრცელა ზოგადი ცნობა, რომ დაარტყეს ირანის სამხედრო სამეთაურო პუნქტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საზღვაო ობიექტებს და იმ ადგილებს, საიდანაც ირანის ძალები რაკეტებს და დრონებს უშვებენ, რათა შეასუსტონ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე ირანის თავდასხმის შესაძლებლობები.

ირანზე მორიგ შეტევას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაა, რომ თეირანი პასუხს აგებს გასულ კვირაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო. 17 და 19 ივლისს CENTCOM-მა დაადასტურა, რომ იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შედეგად მოკლულია ორი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი კი დაიღუპა ერაყის ჩრდილოეთში ჩამოგდებული ირანული დრონის საბრძოლო მასალის გაუვნებლებისას.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ 21 ივლისს გავრცელებული ცნობებით, ამერიკელების მორიგი შეტევის პასუხად, ირანის ძალებმა დაარტყეს ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ბაჰრეინსა და ქივეითში და ნავთობის ორ ტანკერს ჰორმუზის სრუტის აკვატორიაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის მცდელობები

ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს 20 ივლისს აცნობა, რომ თეირანმა შუამავლებისგან მიიღო წინადადება ცეცხლის 10 დღით შეწყვეტის შესახებ. ეს არის მცდელობა აშშ და ირანი დაუბრუნდნენ ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებას.

მხარეებს შორის ერთ-ერთი მთავარი შუამავალი პაკისტანია, რომელსაც ირანის მთავრობამ სთხოვა სამშვიდობო ძალისხმევის განახლება.

გამოცემა Axios-ის წყაროთა ცნობით, აშშ-ისა და მისი მოკავშირე ისრაელის ოფიციალური პირები მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს განიხილავენ - ან ახალი 10-დღიანი ზავი პორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, ან ერთობლივი მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რათა ირანს კაპიტულაცია აიძულონ.

Axios-ის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

  • შეერთებულმა შტატებმა ირანზე ინტენსიური დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
  • ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.
  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განაახლა.
სრულად წაკითხვა