სხდომა დღეს, 4 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაიწყება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე. ჰეგსეთი მონაწილეობას არც ვიდეოკავშირით მიიღებს, როგორც ეს აპრილში, წინა სხდომის დროს გააკეთა.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, პენტაგონში მიზეზად დაასახელეს ჰეგსეთის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში ხვალ, 5 ივნისს გაიმართება.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ სხდომას დაესწრება აშშ-ის ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი სხდომაში არ მონაწილეობს.
„რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილი ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ის უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით და სხდომებს ყოველთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.
თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვალა, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ამ ჯგუფის თავმჯდომარეობაზე და ეს მისია დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა იკისრეს.