WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ ტერორიზმის დაფინანსებასა და მკვლელობების მომზადებაში ადანაშაულებს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და მათი დავალებით მოქმედ პირებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 15 სექტემბერს ბრალი წაუყენეს რუსეთის, კუბის და ვენესუელის მოქალაქეებს. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება დაკვეთილ მკვლელობებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში და ტერაქტების მცდელობებს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერები არიან.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ამ მიზნებით, მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2024 წლიდან მოქმედებდა გლობალური ქსელი RIS Network, რომელიც ცდილობდა აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების დაქირავებას კრემლის დავალებით მკვლელობების მიზნით.

ამერიკული მხარის მონაცემებით, RIS Network-ი რუსეთის სახელმწიფო აპარატის ნაწილია, რომელიც დაკავებულია უცხოეთში თავდასხმების, მათ შორის მკვლელობების ორგანიზებით. ფოკუსირებულია რუს დისიდენტებზე. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი, ვის მკვლელობასაც ჯგუფი გეგმავდა, აშშ-ში მცხოვრები ცნობილი რუსი დისიდენტია. მის ვინაობას არ ასაჯაროებენ.

ვინ არიან ბრალდებულები

ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის მოქალაქე იური ხრამეევს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი პოლკოვნიკია(მეტსახელი „პოლკოვნიკი იური“), მის ვაჟს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერ კირილ ხრამეევს და რუსეთში მცხოვრებ კუბელ ოემის რომაგოზა დურუტის.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ხრამეევებს და დურუტის RIS Network-ის მაღალი რანგის წევრებს უწოდებს.

ბრალდებული არიან კუბელი აიდელ დელგადო სუარესიც, მეტსახელად „ვიკინგი“ და ვენესუელის მოქალაქე ანჯელ ედუარდო კასტრო.

ხუთივე იძებნება.