აშშ-ს სურს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ დაგმოს ებრაელი მოსახლეების მიერ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სოფელში დაწესებული ალყა, განაცხადეს აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა 14 აგვისტოს.
ებრაელმა მოსახლეებმა ადგილობრივ პალესტინელ მცხოვრებლებზე გააძლიერეს ზეწოლა და ახალი კარავი გაშალეს, სანამ ისრაელელი ჯარისკაცები მოვიდოდნენ და მას აიღებდნენ.
Reuters-ის თანახმად, მათ ოკუპირებულ - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე სოფელ კუსრაში სახლები თითქმის ერთი კვირაა ალყაში ჰყავთ და პალესტინელებს იმ ტერიტორიიდან ავიწროებენ, სადაც უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, ებრაელი მოსახლეები შეთანხმებულად ცდილობენ მეტი მიწის მიტაცებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს იმ ტერიტორიას, სადაც პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოს დაარსება სურთ.
Reuters-ის ცნობით, ალყამ აშშ-ის საჯარო კრიტიკა გამოიწვია: აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ — დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების აქტიურმა მხარდამჭერმა — ხუთშაბათს პალესტინელთა სახლის ალყაში მოქცევა დაგმო და მის ჩამდენთ „ისრაელელი ტერორისტები“ უწოდა.
აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა პარასკევს განაცხადეს, რომ თეთრი სახლის ოფიციალური პირები ნეთანიაჰუზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა მან ალყა საჯაროდ დაგმოს.
ვაშინგტონმა პროტესტი მას შემდეგ გამოთქვა, რაც შეიტყო, რომ ალყაში მოქცეულ სახლებს შორის ერთ-ერთი პალესტინელ-ამერიკელის საკუთრება იყო, განაცხადა ორმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც თემის სენსიტიურობის გამო ვინაობა არ გაამხილეს.
ნეთანიაჰუს კუსრაში არსებულ ალყაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარის მოთხოვნას არც მის ოფისში და არც თეთრ სახლში დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.
დასავლეთ ნაპირზე შეჭრილი მოსახლეების ძალადობა გაიზარდა ისრაელზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მეთაურობით 2023 წლის 7 ოქტომბრის განხორციელებული თავდასხმების შემდეგ - გასული სამი წლის განმავლობაში.
ებრაელი მოსახლეების ქმედების დაგმობა, შესაძლოა, პოლიტიკურ რისკს შეიცავს ნეთანიაჰუსთვის, რომელიც არჩევნებში ჩართვას აპირებს, რადგან ამ ნაბიჯმა არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, შესაძლოა გააღიზიანოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც პალესტინელთა ტერიტორიაზე ცხოვრობენ, და რომლებსაც ეყრდნობა მისი მემარჯვენე კოალიციის ნაწილი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით , ნეთანიაჰუმ შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს, რადგან მისი რეპუტაცია უსაფრთხოების მიმართულებით, ჰამასის თავდასხმების შემდეგ, კვლავ შერყეულია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 15-მდე პალესტინელი, მათ შორის ორი ბავშვი, საკუთარ სახლებში წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე აღმოჩნდა ჩარჩენილი.
სხვა ალყაშემორტყმულ სახლში ჩარჩენილი პალესტინელი მცხოვრების მიერ გადაღებულ და Reuters-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს შვიდი ებრაელი მოსახლე, რომლებიც ლურჯ კარავთან დგანან. ერთ-ერთი მათგანი ახლომდებარე სოფლის მიმართულებით ქვებს ისვრის, ხოლო მეორე სკამებით ხელში მოდის.
მოგვიანებით ისრაელის არმიის მანქანები და ჯარისკაცები მოდიან, ჩანს წაქცეული კარავი.
„ისრაელელმა სამოქალაქო პირებმა კუსრას რაიონში კარავი დადგეს, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცებმა ადგილობრივი მცხოვრებლების დასაცავად მისი აღების ოპერაცია ჩაატარეს“, — ნათქვამია ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებაში.
ნეთანიაჰუს მთავრობამ, ისრაელის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე, სათავე ჩაუდგა ებრაელთა დასახლებების სწრაფ გაფართოებას პალესტინელთა მიწებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე — ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელმა 1967 წლის ომში დაიკავა. ისრაელმა ამ ტერიტორიაზე ათეულობით ახალი დასახლება და დასახლებულთა ფორპოსტი დააფუძნა.
ალყა შაბათ-კვირას დაიწყო, როდესაც დასახლებულებმა სამი სახლისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს, მათ ეზოებში კარავი დადგეს და არავის აძლევდნენ შესვლის ან გამოსვლის უფლებას. მანამდე პალესტინელებს მათ ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუჩერეს.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ჯარისკაცები კუსრაში ხუთშაბათი დილიდან განლაგდნენ მოსახლეთა დასაცავად და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
Reuters-ი იმოწმებს ისრაელის დასახლებების დამკვირვებელი ჯგუფის „Peace Now“-ს მონაცემებს, რომ დასავლეთ ნაპირზე დაახლოებით სამი მილიონი პალესტინელი და 500 ათასი ებრაელი ჩასახლებული ცხოვრობს.
დასავლეთ ნაპირზე დაახლოებით 146 დასახლებაა, ისევე როგორც 390 უფრო მცირე საგუშაგო.
ისრაელის მიერ 1967 წლის ომის დროს მიტაცებულ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი უკანონოდ მიიჩნევს და გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებში ისრაელს მოუწოდებენ, შეწყვიტოს დასახლებების გავრცელება.
ისრაელი უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი დასახლებები უკანონოა და ამ მიწასთან ბიბლიურ და ისტორიულ კავშირებზე ლაპარაკობს.
radiotavisupleba ახალი ამბები