ბაზრობების გაერთიანება „მესამე პირებისთვის“ სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას ითხოვს 

1 month ago 5

სადავო პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციიატივა, რომლითაც „მესამე პირებისთვის“ ანუ იქ მომუშავე ადამიანების ქონების სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას ითხოვენ. ინიციატორი სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების დირექტორი მუხრან ბაგრატიონია.

მოქმედი კანონმდებლობით, ყველა სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ბაზრობა ვალდებულია დააზღვიოს არამხოლოდ საკუთარი ქონება, არამედ მოვაჭრეებისაც, რომლებიც იქ არიან დასაქმებული. ამით სადაზღვეო კომპანიებს ვალდებულება უჩნდებათ ხანძრის ან სტიქიური უბედურების დროს ზარალი აანაზღაურონ.

„ბაზრობების ორგანიზატორებზე დამატებული ფინანსური გადასახადების ვალდებულებები, როგორიცაა სავალდებულო ფინანსური აუდიტი, სათვალთვალო კამერების დამატებითი მონტაჟი, მუდმივად უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება, სალარო აპარატების უზრუნველყოფა, მესამე პირის დაზღვევა, ქონების დაზღვევის გადასახადის ზრდა და ასე შემდეგ ქმნის არაეფექტურ ფინანსურ ხარჯვით სტრუქტურას, რომლის ტარება ბიზნესისთვის განსაკუთრებით რთულია“, - წერია დასაბუთებაში.

ამის გამო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი მოითხოვს:

  • ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულების ქონების დაზღვევა გახდეს ნებაყოფლობით;
  • ადმინისტრაციიდან ეს ვალდებულება გადავიდეს დასაქმებულებზე;
  • სადაზღვეო კომპანიებს დაუწესდეთ ზღვრული ტარიფები.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს, მუხრან ბაგრატიონმა მოუცლელობის გამო კითხვებს ვერ უპასუხა.

საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ცეცხლი არაერთხელ გაჩნდა, ამ დროს განადგურდა არამხოლოდ ტერიტორიების მფლობელების, არამედ დასაქმებულთა ქონებაც. ხშირი ხანძრების გამო ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების მფლობელები დაავალდებულეს, დაეზღვიათ საკუთარი და მეიჯარეების ქონება.

ხანძარი ბოლოს, 2025 წლის 30 აპრილს ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობას გაუჩნდა. განადგურდა იქ დასაქმებულთა დიდი ნაწილის ქონება. კიდევ უფრო ადრე „ლილოს ბაზრობაზე“ დაიწვა „შვიდი სპილოს“ მაღაზია, რომლიდანაც საქართველოს სხვადასხვა წერტილი მარაგდებოდა.

სრულად წაკითხვა