ბალტიმორის მაშველებს გადარჩენილების პოვნის იმედი აღარ აქვთ

1 month ago 28

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში 26 მარტს შუაღამით, სატვირთო გემის ხიდთან შეჯახების და მისი ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩაცვენილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ. თუმცა, შტატის სანაპირო დაცვა ამბობს, რომ სამაშველო ოპერაცია უკვე დაღუპულთა ცხედრების პოვნაზეა ორიენტირებული, და არა მათ გადარჩენაზე.

მყვინთავები წყალში გათენებისას დაბრუნდნენ და ხიდის ნანგრევების მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალში ადამიანებს დღესაც ეძებენ. ამჟამად გარდაცვლილადაა მიჩნეული ხიდის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 6 თანამშრომელი, რომლებიც იმ დროს ხიდზე იმყოფებოდნენ და ახლა დაკარგული არიან.

ამერიკის აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი პორტი ბალტიმორში ახლა დახურულია. ბალტიმორსა და მის შემგარენში, რეგიონში ამან საზღვაო ხომალდების საცობი გამოიწვია. მერილენდის შტატის გადაწყვეტილებით, ბალტიმორს ახლა მათი მიღება არ შეუძლია.

ცოცხლად დარჩენილთა ძებნა სამაშველოო ოპერაციის დაწყებიდან 18 საათის შემდეგ, სამშაბათ საღამოს შეწყვიტეს. "ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე პირს ცოცხალს ვიპოვით", - თქვა სანაპირო დაცვის ადმირალმა შენონ გილრეთმა ბრიფინგზე. მდინარეზე ხილვადობა რთულია, ამასთან არხში სამძებრო სამუშაოები ღამით განსაკუთრებით საშიშია.

ოპერაცია ოთხშაბათს, დილის 6 საათზე განახლდა. ერთი დღით ადრე, მაშველებმა წყლიდან ორი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს. ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვაშინგტონში მექსიკის საკონსულოს ინფორმაციით, დაკარგულ 6 ადამიანს შორის, ნაწილი მექსიკიდან, გვატემალიდან და ელ-სალვადორიდან ამერიკაში ჩასული მუშახელია.

ეს რვა ადამიანი ხიდზე ასფალტის საფარის შეკეთებაზე მუშაობდა, როცა სინგაპურის დროშით მოძრავი სატვირთო ხომალდი ხიდის საყრდენ ერთ-ერთ სვეტს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა კონტროლის ცენტრს აცნობა, რომ მართვის პრობლემა ჰქონდათ და გემის შესანელებლად ღუზაც კი ჩაუშვეს. ამის გამო ხიდზე ავტომობილების შესასვლელი დაიკეტა, რითაც სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის თავიდან არიდება გახდა შესაძლებელი. თუმცა, უცნობია, შეატყობინეს თუ არა შესაბამისმა უწყებებმა ხიდის შესაკეთებელ სამუშაოებზე დასაქმებულებს ამ საფრთხის შესახებ.

სრულად წაკითხვა