„მოთხოვნილია, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარედეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება იმ ფაქტების დადგენის მიზნით, რომლის შესახებაც სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. იმისთვის, რომ არ მოხდეს დანაშაულის კვალის გაქრობა, მოთხოვნილია საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერმა, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
მისი თქმით, თუ გამოძიება არ იქნება ეფექტიანი, განიხილავენ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის საკთხსაც.
გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაიყვანეს - ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ეს ბრალდებულის სასამართლო პროცესებში მონაწილეობის სურვილით ახსნა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც:
„26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი“.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შემდეგ, მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს”.
29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილმა მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს თქვა, რომ ის „მოიტაცეს“, თვალები აუხვიეს და საქართველოში „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.