ბევრად საშიში, ვიდრე ველოდით - რას წარმოადგენს ლუქსემბურგი

2 months ago 43
  • ლუქსემბურგმა ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა
  • ჰოლტცის გუნდს უყვარს ბურთის ჭერა და ამას მატჩის მსვლელობის კონტროლისთვის იყენებს
  • ლუქსემბურგი მომენტებს ძალიან კარგად იყენებს - რეალიზაციის მაღალი პროცენტი აქვს
  • მეტოქის გუნდში ყველაზე სახიფათო ჟერსონ როდრიგესია

ლუქსემბურგს ქართველი გულშემატკივარი ორი სრულიად განსხვავებული, ურთიერთგამომრიცხავი განწყობით ელოდება. ერთი განწყობა უფრო სტანდარტული და ტრადიციულია - ლუქსემბურგს როგორ ვერ უნდა მოვუგოთ?! ისეთი პროგნოზებიც გავიგე, რომ აუცილებლად იოლად და დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ. სხვა ნაწილი, უფრო საქმეში ჩახედული გულშემატკივარი, ლუქსემბურგის ბოლოდროინდელ წარმატებებს უსვამს ხაზს და ამ გუნდის თამაში და შედეგები აშკარად აშფოთებს.

სიმართლის მარცვალი ორივე ამ განწყობაშია: ლუქსემბურგს, ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა თამაშობდეს, ეს თამაში უნდა მოვუგოთ. სხვა შედეგს გულშემატკივარი ვერ გაიგებს და არ მიიღებს. გამორიცხულია! თუმცა, ლუქსემბურგი ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე ჩვენ ისტორიულად, ტრადიციულად მიჩვეულები ვართ და ძალიან რთული თამაში გველის. ესეც მართალია.

რა ძალაა ლუქსემბურგი

დავიწყოთ ყველაზე მარტივი სტატისტიკური ამბებიდან. ამ გუნდმა წინა შესარჩევში 10 თამაშში 17 ქულა აიღო და მესამე ადგილზე გავიდა. ჩვენ როდის ავიღეთ 17 ქულა შესარჩევ ჯგუფში?! არც არასოდეს. ნათელია, რომ 10-თამაშიან ციკლში ასეთი შედეგი შემთხვევით ვერ გექნება. ეს თამაშში 1.7 ქულას ნიშნავს, როცა საქართველოს თავის ჯგუფში საშუალოდ თამაშში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლუქსემბურგის ჯგუფი აშკარად უფრო იოლი იყო, თუმცა ისლანდიასთან, ბოსნიასთან და სლოვაკეთთან, ანუ დაახლოებით საქართველოს კლასის გუნდებთან ლუქსემბურგმა 6 თამაშში მხოლოდ ერთხელ წააგო და შემთხვევითი ვერც ეს ფაქტი იქნება.

საერთოდაც ამ შესარჩევში ლუქსემბურგმა 5 მატჩი მოიგო, 2 ფრე ითამაშა და სამჯერ დამარცხდა. აქედან ორჯერ პორტუგალიასთან, ორჯერვე გამანადგურებელი ანგარიშით - 0:9 და 0:6. პორტუგალიასთან კატასტროფული მარცხი მატყუარა შედეგია, ეს ლუქსემბურგის რეალურ ძალას კი არა, მის სათამაშო სტილს განსაზღვრავს. ამაზე ქვემოთ გეტყვით. ლუქსემბურგის რეალური ძალა ის არის, რომ ამ გუნდმა საშუალო ევროპულ გუნდებთან მხოლოდ ერთხელ წააგო და ჯგუფში 17 ქულა დააგროვა.

შეიძლება, იმის წინ, ერთა ლიგის ჯგუფში მეორე ადგილი ვინმეს მართლა გამართლებით აეხსნა, რადგან ლუქსემბურგის ჯგუფში თურქეთის გარდა კონკურენტები ლიეტუვა და ფარერები იყვნენ. ლიეტუვასთან და ფარერებთან გამარჯვება, შესაძლოა, საშუალო ევროპული მასშტაბით ბევრს არაფერს ნიშნავდეს. თუმცა, ფაქტია, რომ ამის შემდეგ ამ გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ძალიან კარგი შესარჩევი ჩაატარა.

როგორ თამაშობს ლუქსემბურგი

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ლუქსემბურგი ტრადიციული პატარა გუნდივით, დაცვიდან, მეორე ნომრად თამაშობს, ძალიან ცდება. ამ გუნდს უყვარს ბურთის დაჭერა. მაგალითად, სლოვაკეთთან გასვლაზე ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (0:0) ბურთის ფლობა 52:48-ზე იყო ჰოლტცის გუნდის სასარგებლოდ. ანუ სლოვაკეთს მოსაგები ჰქონდა, ვერ იგებდა და ვერ მოიგო, უნდა შეეტია, თუმცა ბურთი მაინც ლუქსემბურგს ეჭირა. ეს შეხვედრა ანალიზისთვის შემთხვევით არ აგვირჩევია. თუკი პორტუგალიასთან ლუქსემბურგი აშკარად სუსტი იყო, ხოლო ლიხტენშტაინთან აშკარად ძლიერი, დანარჩენ სამ მეტოქესთან (სლოვაკეთი, ბოსნია, ისლანდია) ძალთა ბალანსი დაახლოებით იგივეა, რაც საქართველოს ნაკრებთან.

ამ შეხვედრაში ლუქსემბურგმა 428 პასი შეასრულა. ანუ ბურთს იჭერდა, არ იგერიებდა და მეტოქესაც ზეწოლის განხორციელების საშუალება არ მისცა. ლუქსემბურგი რომ საჯარიმოში დადგება, იქ გამოიკეტება და საქართველოს შეტევებს დაელოდება, ამის იმედი, არც „დინამო არენაზე“ უნდა გვქონდეს. მას პატარა გუნდივით, მეორე ნომრად, უბურთოდ, დაცვიდან თამაში არ უყვარს.

ლიხტენშტაინთან სინანი მეხუთე წუთზევე გააგდეს და 85 წუთი ამ გუნდმა 10 კაცით ითამაშა, თუმცა ბურთი მაინც 56 პროცენტი ეჭირა და მეტოქეზე 150 პასით მეტი შეასრულა. ბოსნიასთან საშინაო შეხვედრაში (4:1) ასევე 55-პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 55-ე წუთზე უკვე 3:0-ს იგებდნენ და ამ პირობებში ბევრ გუნდს შეიძლება მეტოქისთვის მიეცა ბურთი და ტერიტორია.

თუმცა, ბურთის ფლობა ლუქსემბურგისთვის აუცილებლად უპირატესობის ფლობას არ ნიშნავს. მაგალითად, ზემოთ ხსენებულ შეხვედრაში, სლოვაკეთთან გასვლაზე, მაშინ როცა ბურთის ფლობაში უპირატესობა ლუქსემბურგს ჰქონდა, სლოვაკეთმა მეტოქის კარისკენ 17-ჯერ დაარტყა (ლუქსემბურგმა მხოლოდ 7-ჯერ), 9 კუთხური მოაწოდა (ლუქსემბურგმა მხოლოდ 2) და ე.წ. სახიფათო შეტევების მაჩვენებელიც 58:30-ზე იყო მასპინძლების სასარგებლოდ. ანუ ლუქსემბურგს ბურთი უფრო სტერილურად, კონტროლისთვის, ტემპის დასაგდებად, მეტოქისთვის ზეწოლის შექმნის უფლების არმისაცემად ეჭირა. ეს არის ბურთის ფლობა თამაშის კონტროლისთვის და არა შეტევისთვის.

იგივე ლიხტენშტაინთან, 10 კაცით, მეტოქეზე ბევრად მეტი ჰქონდათ ბურთი, თუმცა ე.წ, სახიფათო შეტევების კომპონენტში თანაფარდობა იყო - 36:35.

მსგავსი ტენდენცია ჩანს ბოსნიასთან მოგებულ შეხვედრაშიც: ბურთი ლუქსემბურგის არის, თუმცა სახიფათო შეტევების მაჩვენებელი დაახლოებით თანაბარია (34:30) და შეტევების რაოდენობაში უპირატესობა საერთოდაც ბოსნიას აქვს (96:106-ზე). დასკვნა ერთია, ჰოლტცის გუნდი ბურთს დიდ ხანს და კარგად ათამაშებს, ამით ტემპს აგდებს, მეტოქეს წნეხის ქვეშ მოქცევის საშუალებას არ აძლევს, თავად კი შეტევაში ნელა, კარგად მომზადებულად და დაკვირვებით გადადის. შეტევის მომენტს დიდი ხანი არჩევს და ელოდება. ბურთის ფლობა შეტევების რაოდენობაში კი არა, შეტევის ხარისხში ითარგმნება.

საქართველოს საკმაოდ რთული დილემა ელის. სანიოლის გუნდს ვერ დავაბრალებთ, რომ პრესინგში, პირველად ნომრად თამაში ეხერხება, ანუ ლუქსემბურგის უბურთოდ დატოვება, მისი საჯარიმოში გამოკეტვა, მთელი თამაში რამდენად გამოვა, საეჭვოა. არადა, როდესაც მეტოქეს ბურთი აქვს, მისი ხანგრძლივად დაჭერა უყვარს და ამ დროს ერთ მომენტში მეტოქის კონტრშეტევაზე ან შეცდომაზე დაჭერა, ყოველთვის შეუძლია, მეეჭვება, საქართველომ ძალიან გარისკოს და აშკარა პირველ ნომრად ითამაშოს 90 წუთი. ამ სცენარში, რთული, დაბალანსებული თამაში ჩანს თითქოს, როცა ორივე მხარე მეტოქის შეცდომას, ან რაიმე არაორდინალურის შექმნას ელოდება. არაორდინალურის შექმნა ალბათ საქართველოს უფრო გამოსდის, მაგრამ შეცდომის ლოდინი და მეტოქის გამოჭერა, ლუქსემბურგს უფრო ეხერხება.

საინტერესოა, რომ ლუქსემბურგმა მაშინ წააგო, როცა ყველაზე დიდი უპირატესობა ჰქონდა: სახლში სლოვაკეთთან ბურთის ფლობა 55:45-ზე იყო, კარში დარტყმები 14:8-ზე, მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი 1.13:0.51-ზე, თუმცა მაინც დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა. სხვა ფაქტორია ის, რომ საქართველო სახლში მეორე ნომრად ვერ ითამაშებს. ანუ სლოვაკეთის სცენარიც არ გამოგვადგება.

ზოგადად, ჰოლტცის გუნდმა შესარჩევში 5 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ წააგო. ისიც პორტუგალიასთან და იმ შეხვედრის გამოკლებით 4 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ანუ ლუქსემბურგთან გატანა რთულია - კარგად გამართული, სტრუქტურირებული, ორგანიზებული გუნდია. იცის ბურთის დაჭერა და გათამაშება, არ აძლევს მეტოქეს მისი დაცვაში გამოკეტვის საშუალებას და ელოდება მომენტებს, როდის შეუტიოს მეტოქეს და გამოიჭიროს. ამ 4 შეხვედრაში თავადაც მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს. მოკლედ, საქართველომ არ უნდა გაუშვას, თორემ ჯოჯოხეთურად რთული თამაში გვექნება. ამ გუნდთან გოლების წვიმას და "ცალკარას" არ უნდა ველოდეთ.

პორტუგალიის საკითხიც რომ ამოვწუროთ. პორტუგალიამ ორ თამაშში მეტოქეს 15:0 მოუგო. ჰოლტცის გუნდი ისეა აწყობილი, რომ როგორც კი მასზე კლასით, ინდივიდუალური ტალანტით ერთი თავით ძლიერ მეტოქეს ხვდება, მთელი სისტემა იშლება. ამ გუნდს 90 წუთი დაცვაში დგომა, მოგერიებაზე თამაში არ შეუძლია და არ უყვარს. პორტუგალიასთან ეს სცენარი იყო, მთელი სისტემის დაშლის. პრობლემა ის არის, რომ მოთამაშეს, რომელსაც შეეძლო ჰოლტცის სისტემა, მისი გუნდის სტრუქტურა ინდივიდუალური ტალანტის და კლასის ხარჯზე დაეშალა, მოედანზე გასვლის უფლება არ აქვს. ხვიჩა კვარაცხელია ასეთ მეტოქესთან დიდი სხვაობა იქნებოდა. ეს კოზირი აღარ გვაქვს და ეს ჩვენ სცენარს ართულებს. მის გარეშე, სტრუქტურულად, ორგანიზაციულად ლუქსემბურგი ჩვენზე ნაკლები გუნდი ნამდვილად არ არის, შეიძლება უკეთესიც იყოს.

ამ გუნდს უსიამოვნო ისიც აქვს, რომ კარგად შეუძლია ლოდინი და მომენტებს არ ანიავებს. თურქეთთან გასვლაზე მეტოქის კარისკენ სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ზოგადად, მომენტების რეალიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მეტოქის დასჯა შეუძლიათ. საშუალოდ მეტოქის კარისკენ თამაშში 10 დარტყმაზე ცოტა მეტი აქვს, რაც მაღალი შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ დარტყმების გოლებად გარდასახვას ძალიან მაღალი პროცენტით ახერხებს.

ყველაზე სახიფათო ჟერსონ როდრიგესი და დანიელ სინანი (დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გამოტოვებს) არიან. როდრიგესმა შესარჩევში 7 თამაშში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარებშიც თამაშში 2.7-ჯერ არტყამდა. ხშირად ურტყამს ხოლმე საჯარიმოს გარედან. მეტოქის კარზე და დარტყმაზე ორიენტირებული ფორვარდია.

ერთი ფაქტორიც: ამ გუნდის საშუალო სიმაღლე 183 სანტიმეტრია და ბევრი მაღალი და ათლეტური მოთამაშე ჰყავს. სტანდარტებზე თავს კარგად იცავს. მასაში და გაბარიტებში მიწოლაც არ გამოვა იოლად.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ხვიჩას არყოფნაშიც ინდივიდუალური ტალანტი, მოულოდნელობის ფაქტორი თითქოს მაინც უფრო მეტი საქართველოს აქვს. ჩაკვეტაძის, ნაწილობრივ დავითაშვილის, მოკლედ, ინდივიდუალიზმის ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ.

არის კიდევ ერთიც - სახლში ვთამაშობთ. რაც ჩავყევი, ლუქსემბურგს 55-ათასიანი აუდიტორიის წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია. სულ 10-15 - ათასიანი აუდიტორიის წინაშე თუ წინააღმდეგ უწევდა თამაში. ერთია, რომ გასვლაზე სტატისტიკურად კარგად თამაშობენ და თითქმის არ აგებენ, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სხვანაირი გასვლა იქნება, სხვა აურით, ენერგიით და ემოციით. ლუქსემბურგია და უნდა მოვიგოთ, სხვა გზა არ არის, სხვა შედეგს ვერ გავიგებთ და არ მივიღებთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სახიფათო, ორგანიზებული და უსიამოვნო გუნდია.

სრულად წაკითხვა