ბელარუსში მორიგი პროპაგანდისტული ინტერვიუ უჩვენეს კოლონიაში მყოფი რადიო თავისუფლების კიდევ ერთი ჟურნალისტის შესახებ

7 hours ago 1

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ბელორუსულმა ტელეარხმა ONT-მ პატიმრობაში მყოფი რადიო თავისუფლების კიდევ ერთი (შტატგარეშე) ჟურნალისტის, იჰარ კარნეის ინტერვიუ აჩვენა პროპაგანდისტულ სერიალში ისინი "ბელარუსში ხანძრის გაჩენას" ცდილობდნენ.

20-წუთიან ვიდეოში, რომელიც კოლონიაშია გადაღებული, კარნეი ხელბორკილებით გამოჰყავთ საკნიდან, სახით კედელთან მიყენებულს ხსნიან ბორკილს და შემდეგ მიჰყავთ ინტერვიუზე ტელეწამყვან ანდრეი ალექსანდროვთან. ეს უკანასკნელი ცნობილია იმით, რომ ბელარუსის უშიშროების ძალებთან ერთად ესწრებოდა ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას.

იჰარ კარნეი გადაიღეს ციხის პირობებში, სავარაუდოდ, მინსკში, კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მანამდე ამავე სერიალის ფარგლებში რადიო თავისუფლების კიდევ ორი ჟურნალისტის ანდრეი კუზნეჩიკისა და იჰან ლოსიკის ინტერვიუები ჩაწერეს. უფლებადამცველების მიერ ისინი ყველანი პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული.

რადიო თავისუფლება მისდევს პოლიტიკას, არ მოიტანოს ციტატები განცხადებებიდან, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაშია მოპოვებული დაკავებული ადამიანებისგან.

22 მარტს მინსკის საქალაქო სასამართლომ ბელარუს ჟურნალისტს, იჰარ კარნეის, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, კარნეი დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის.

პროკურატურა ჟურნალისტისათვის 6 წლით პატიმრობას ითხოვდა.

ქვეყნის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან დაკავშირებული მედია წერს, რომ კარნეი გასამართლდა ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციასთან (BAJ) თანამშრომლობისთვის. აღნიშნული ჟურნალისტთა ასოციაცია ხელისუფლების მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

სრულად წაკითხვა