ბექაური და თუშიშვილი ფინალში! 4 მედლის შანსი თბილისის გრანდ სლემზე

1 month ago 64

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ფინალურ ბლოკში 4 წარმომადგენელი ეყოლება, საიდანაც ორი ფინალში იასპარეზებს, ორიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ფინალში გასვლა ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა შეძლეს, ხოლო მესამე ადგილის შანსი საბა ინანეიშვილს და მიხეილ ჯაფარიძეს აქვთ.

ფინალში ლაშა აზერბაიჯანელ ძიუდოისტს შეხვდება

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი, აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ ამერიკელი ჯონ იაინი და რუმინელი ალექს ჩრეტი დაამარცხა. ნახევარფინალში ლაშამ ბერძენ თეოდოროს ცელიდისსაც აჯობა, ამგვარად ფინალშია, სადაც აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს გაეჯიბრება.


100 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძემ კანადელი კაილი რეიესი, ინდოელი სინგ ავტარი, ყაზახი ისლამ ბოჟბაიევი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით წააგო. ამგვარად, ჯაფარიძე ბრინჯაოსთვის უნგრელ შომბორ ვეგს გაეჯიბრება.

მიხეილ ჯაფარიძე V ნიკოლოზ შერაზადიშვილი

+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ორი მედლის შანსი აქვს: გურამ თუშიშვილი ოქროსთვის, ხოლო საბა ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის.

თუშიშვილმა ფინალამდე გერმანელი ერიკ აბრამოვი, მონღოლი პერენლეიამც უსუხბაიარი, სლოვაკი მარიუს ფიზელი და ყაზახი იერასილ კაჟიბაიევი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის გურამი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს შეხვდება.


საბა ინანეიშვილმა საწყის ორ წრეში მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუ და ყაზახი გალიმჟან კრიბკაი დაამარცხა, შემდეგ კი უშანგი კოკაურთან წააგო, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველ წრეში გერმანელი ლოსენი კონე დაჯაბნა. ამგვარად, ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 17:00 საათიდან დაიწყება.

დღესვე, თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზეს, მაგრამ მედლის შანსი დაკარგეს ეკა ზამთარაშვილმა, სოფიო სომხიშვილმა, აკაკი ჯაფარიძემ, ლუკა ბაბუციძემ, გიორგი ჯაბნიაშვილმა, იმედა გოგოლაძემ, ონისე სანებლიძემ, სოსო ებილაშვილმა, უჩა ტაბატაძემ და ირაკლი დემეტრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს მონაგარი 2 ოქროს მედალია, რომლებიც ეთერ ლიპარტელიანის და ლაშა შავდათუაშვილის აქტივშია.

სრულად წაკითხვა