ბრიუსელში დასრულდა "რამშტაინის ჯგუფის" შეხვედრა. ზელენსკი: განვაგრძოთ ზეწოლა მოსკოვზე, რომ მისმა აგრესიამ აზრი დაკარგოს

1 day ago 3

"უკრაინა ძლიერია. მას ჰყავს ბევრი მეგობარი. მეგობრები უკრაინის გვერდით არიან" - განაცხადა ჯონ ჰილიმ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ე.წ. "რამშტაინის" ფორმატის 28-ე შეხვედრის შემდეგ, რომელიც 4 ივნისს ბრიუსელში გაიმართა და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ("რამშტაინის ფორმატის") 28-ე შეხვედრაში მონაწილეობდნენ 15 ქვეყნის წარმომადგენლები და მას უძღვებოდნენ გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები. შეხვედრაში მონაწილეობდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

"რამშტაინის" 28-ე შეხვედრაში არ მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოგვიანებით ჩავა ბრიუსელში - 5 ივნისის ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრის მონაწილეებს ონლაინ ვიდეოჩართვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც საუბარს შეუდგა რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების სტატისტიკით, ვინაიდან 4 ივნისს გაეროს ეგიდით აგრესიის მსხვერპლი ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება:

"სახელებითა და გვარებით ვიცით 631 ბავშვი, რომლებიც რუსეთის დაბომბვის, საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. თუკი ომის ათვლას 2014 წლიდან დავიწყებთ, 872 ბავშვია მოკლული. ტრაგიკულია, რომ ეს რიცხვი არ არის საბოლოო".

ამის შემდეგ ზელენსკიმ შეხვედრის მონაწილეებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრაინელი ბავშვებისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის ხსოვნისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთიანობით შესაძლებელია რუსეთის იძულება დაჰყვეს მშვიდობის გზას:

"ეჭვი არ გვეპარება, რომ შეგვიძლია რუსეთის იძულება მშვიდობისკენ. თუმცა, ამისთვის უნდა განვაგრძოთ ზეწოლა მოსკოვზე ყველა შესაძლო ინსტრუმენტითა და ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ მისმა აგრესიამ აზრი დაკარგოს".

ზელენსკი კვლავ ამახვილებს ყურადღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე:

"უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა ნიშნავს იმას, რომ პუტინისთვის ნაკლები ფასი ექნება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმას.

...გვჭირდება საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სისტემების უფრო სწრაფი მოწოდება. ჩვენმა გუნდმა მკაფიო მონაცემები მოგაწოდათ სისტემების რაონდეობაზე - განსაკუთრებით „პეტრიოტის“ სისტემების. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა რუსეთის იძულებისთვის, რომ შეწყვიტოს სარაკეტო დარტყმები და ტერორი.

ჩვენ აგრეთვე დავიწყეთ მსჯელობა ზოგიერთ ქვეყანასთან საჰაერო თავდაცვის ისეთი სისტემების წარმოების ლოკალიზაციაზე, როგორებიცაა NASAMS, IRIS-T, SAMP/T და სხვა".

მეორე საკითხად ზელენსკიმ დაასახელა ინვესტიციები და აღნიშნა, რომ უკრაინის წარმოებას აქვს მნიშვნელოვანი გამოუყენებელი შესაძლებლობები - მხოლოდ დაფინანსება სჭირდება. მისი განცხადებით, უკრაინას სახელმწიფო ბიუჯეტში უკრაინული წარმოების იარაღის შესაძენად აქვს 17 მილიარდი აშშ დოლარი, წარმოება კი - 35 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი აქვს. მან პარტნიორებს სთხოვა 18-მილიარდიანი სხვაობის შევსებაში დახმარება:

„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი რამშტაინი დასრულდეს რეალური შეთანხმებებით ერთობლივ წარმოებასა და ინვესტიციებზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში" - განაცხადა ზელენსკიმ.

დასასრულ მან აღნიშნა:

"არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გადღაბნოს რეალობა და გააცუროს მსოფლიო. მოსკოვი უნდა ვაიძულოთ ჩაერთოს დიპლომატიაში. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა. გვჭირდება ნამდვილი უსაფრთხოება".

ერთობლივი თავდაცვითი წარმოების გაძლიერება იყო შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის გამოსვლის მთავარი აქცენტი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იდგება "რამდენ ხანსაც საჭირო იქნება". ამასთან, პისტორიუსმა რუსეთის სამხედრო მოქმედებები "სისუსტედ" შეაფასა:

"რუსეთი მიმართავს ყველა საშუალებას მიზნების მისაღწევად. რუსეთის ჯარი მთელი ძალით ცდილობს დონბასში მეტი ტერიტორიის დაკავებას. ისინი კვლავაც მიზანში იღებენ უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საავიაციო დარტყმებითა და დრონებით, მათ შორის - ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე არეალებში. თუმცა, ჩემთვის ეს სისუსტის ნიშანია და არა ძლიერების.

გასულ კვირაში რუსეთის საჰარეო რეიდები - დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით, საავიაციო ბომბებით თავდასხმები ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არის მორალური და სამხედრო სისუსტის ნიშნები. რუსეთის ეს მოქმედებები არის იმის დამალვის მცდელობა, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი რუსეთის ჯარები თითქმის ვერ აღწევენ პროგრესს უკრაინის მამაცი დამცველების წინააღმდეგ. რუსეთის უკანონო ომი კლავს არა მხოლოდ უკრაინის სამხედროებს, არამედ სამოქალაქო პირებსაც: კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. ამავდროულად რუსეთი არად დაგიდევთ საკუთარ დანაკარგებს. უკრაინის ტერიტორიის ყოველი გოჯი მათ ისეთი გამანადგურებელი დანაკარგის ფასად უჯდებათ, ვერც კი წარმოგვიდგენია. და მაინც, პუტინმა ვერ მიაღწია თავის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს. პუტინს შეუძლია ამ ომის დასრულება ახლა.

...რუსეთი დამარცხდება, რადგან მამაცი უკრაინელები იცავენ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ თავისუფლებას და რუს აგრესორს უპირისპირდებიან უდიდესი სიმტკიცით და რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და მის თავდაცვას იარაღით, საბრძოლო მასალით, წვრთნით - ყველაფრით, რაც სჭირდება და რამდენ ხანსაც დასჭირდება. განვაგრძობთ ამ მხარდაჭერის გაფართოებასა და ხანგრძლივად შენარჩუნებას. ეს არის კოალიციის პოზიცია - რუსეთი ცდება, თუკი სხვაგვარად ჰგონია".

"უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი" (იგივე "რამშტაინის ჯგუფი") შეიქმნა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პასუხად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციისთვის. ჯგუფის პირველი შეკრება 2022 წლის აპრილის ბოლოს გაიმართა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე და "რამშტაინის ჯგუფის" სახელიც ამიტომ შეერქვა და რამდენიმე ათეულ ქვეყანას უყრის თავს. წარსულში ჯგუფის შეხვედრებს თავმჯდომარეობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმირებისა და თავდაცვის მინისტრის პოსტზე პიტ ჰეგსეთის მოსვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ აშშ აღარ აპირებდა "რამშტაინის ჯგუფის" შეხვედრების გაძღოლას. 4 ივნისის შეხვედრაზე დაუსწრებლობა კი პენტაგონმა ჰეგსეთის "მგზავრობის განრიგით" ახსნა.

სრულად წაკითხვა