ბუდუ ზივზივაძე: ეს არ უნდა ვიკმაროთ! წნეხი არ გვაქვს, შეგვიძლია ლაღად ვითამაშოთ

1 month ago 55
  • ბუდუ ზივზივაძემ ნაკრებთან ერთად ქართული ფეხბურთის ისტორია გადაწერა
  • ეროვნული გუნდის ცენტრფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია
  • ახლა ყველას ერთი რამ გვინდა: ასე გააგრძელოს და ჯანმრთელად გვყავდეს
  • ბუდუს კარლსრუეში დავუკავშირდით და მასთან ჯერ კიდევ პლეი ოფის წინ დაპირებული ინტერვიუ ჩავწერეთ

ბუდუს ცეკვა რამდენჯერ ნახეთ? დაითვალეთ რო? ვერ დაითვლიდით. ჩვენ - ბევრჯერ, ძააალიან ბევრჯერ...

26 მარტის შემდეგ საქართველო სხვა რეალობაშია. ევროპის ჩემპიონატზე ვართ. სადღაც შორს დარჩა ისეთი რაღაცები, დიდი ტურნირების წინ ქვეყანაში სხვადასხვა ნაკრებების ფან-კლუბები რომ იქმნებოდა. ახლა ჩვენი ნაკრებია დიდ ტურნირზე!

ახალი ქართული საფეხბურთო რეალობის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბუდუ ზივზივაძეა. ეროვნული გუნდის და გერმანული კარლსრუეს თავდამსხმელი, რომელიც, თუკი აქამდე ვინმე მაინც არ იცნობდა და ვინმეს მაინც არ უყვარდა, ახლა თამამად ვიტყვით, რომ ყველას უყვარს!

ბუდუმ ბოლო 5 თვეში კლუბსა და ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში 11 გოლი გაიტანა

საერთოდ, ბუდუ ძალიან უბრალო, უშუალო, გულწრფელი და გულკეთილი ბიჭია. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მასთან "გასვლითი შეხვედრის" შემდეგ გაცილებით მეტად აღვიქვით, რამდენად მაგარი კაცია. რაც მთავარია, ბუდუ ყოველთვის ასეთი იყო - მაშინაც, როცა ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ რაც მთავარია, ახლაც, როცა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. ამიტომაც, მგონია, რომ ბუდუს წარმატება, შრომის გარდა, პირველ რიგში მისი პიროვნებისა და ხასიათის დამსახურებაა, ის უბრალოდ იმსახურებდა ამ ყველაფერს.

'ახლაც, ცივი გონებით რომ ვფიქრობ, თავიდან მოაქვს ემოციები. ხალხის რეაქციებს რომ ვუყურებ, ცრემლები მომდის'

ბუდუ ზივზივაძესთან საუბარი, ბუნებრივია, ემოციების შესახებ დავიწყეთ: "თამაშის შემდეგ ისეთი ემოცია გვქონდა, რომ ვერ ვიჯერებდით, რაც გავაკეთეთ, წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. ქართული ფეხბურთის ისტორია დავწერეთ. მთელი საქართველო ბედნიერი იყო, ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და გვილოცავდა. მართლა საოცარი შეგრძნება იყო. ახლაც, ცივი გონებით რომ ვფიქრობ, თავიდან მოაქვს ემოციები. რომ ვუყურებ ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, როგორც გვქომაგობდნენ ტელევიზორიდანაც ქართველები, როგორ უხარიათ და გამოხატავან ემოციებს, ამ კადრების ნახვაზე ცრემლებიც კი მომდის. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მთელი საქართველო გავახარეთ. დღეს, მაგალითად, გუნდში ვარჯიშზე რომ მოვედი, ოთხი ქართველი დამხვდა სტადიონთან, რომლებიც მანამდე არ მინახავს, საქართველოს დროშით იყვნენ და მადლობა გადამიხადეს, სახეზეც ეტყობოდათ, თუ რა ბედნიერები იყვნენ. ჩვენც, ფეხბურთელებიც ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ასეთი დიდი სიხარული მივანიჭეთ".

საბერძნეთთან ფინალამდე იყო ლუქსემბურგთან ნახევარფინალი, რომლის მთავარი გმირი ცალსახად ზივზივაძე იყო. 30 წლის ფორვარდმა მეტოქეს 2 გოლი გაუტანა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

ბუდუ: "ნაკრებში საუკეთესო თამაში სწორედ ეგ იყო. ჯერ იქიდან გამომდინარე, რა მნიშვნელობის იყო და გარდა ამისა, დუბლი შევასრულე. ორი გოლის გარდა, ბევრი ვიმუშავე ვიბრძოლე და გუნდს ყველანაირად დავეხმარე გამარჯვებაში. თამაშამდე ფეხბურთელები წარმოვიდგენთ ხოლმე, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერცერთ სცენარში წარმოვიდგენდი, რომ მაგ შეხვედრაში ორ გოლს გავიტანდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ გოლს გავიტანდი, რადგან მართლა კარგ ფორმაში ვარ, კარლსრუეშიც ბოლოს ორი გოლი გავიტანე და გადმომყვა დადებითი ემოციები ნაკრებშიც. ლუქსემბურგთან მეორე გოლის შემდეგ მინდოდა, ფეხბურთელები სადაც ხურდებოდნენ, იქ გაქცევა, მაგრამ იმდენად შოკი მივიღე, რომ ვეღარ გავიქეცი და რაც თავში მომივიდა, ისე აღვნიშნე მეორე გოლი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, შემდეგ კი, 26-ის თამაშმა მთლიანად გადაფარა ეგ დღე, რადგან წარმოუდგენელი რაღაც მოხდა".

ფიქრობს, რომ ევრო 2024-ზე გასვლით შრომაც დაუფასდა და ოცნებაც აუხდა. ევროპის ჩემპიონატის შესახებ მისი პირველი მოგონება კი ასეთია: "პირველი, რაც ახლა მახსენდება, იყო იტალია-საფრანგეთის ფინალი 2000 წელს, ფრანჩესკო ტოლდო რომ საოცარ ფორმაში იყო, მაგრამ ბოლოს მაინც რომ წააგეს. თუ სწორად მახსოვს, ზეიმის დროს ტიერი ანრის თასიც გაუვარდა ხელიდან. ეგ თამაში მახსოვს პირველი ევროპის ჩემპიონატიდან, მაშინ მხოლოდ 6 წლის ვიყავი. რასაც მაშინ ტელევიზორში ვუყურებდით, ახლა უკვე ჩვენს თავზე გამოვცდით და ოცნების ასრულება მართლაც ეს არის. როდესაც ბავშვობის ოცნებას ისრულებ, ორმაგად სასიხარულოა, მით უფრო, როცა ამდენი შრომა გიფასდება".

ევრო 2024 გერმანიაშია, ქვეყანაში, სადაც ზივზივაძე წელიწადზე მეტია თამაშობს. სხვათა შორის, მას ჰამბურგის სტადიონზე მიმდინარე სეზონში გოლიც აქვს გატანილი, ასევე, კვირას ითამაშებს გელზენკირხენშიც - ამ ქალაქებში მოუწევს საქართველოს ნაკრებს ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში.

"ვფიქრობ, რომ ეს დამეხმარება, თუნდაც ადაპტაციის კუთხით. ჩვენი სამი მატჩიდან ორ ისეთ სტადიონზე ვთამაშობთ, სადაც მითამაშია, ჰამბურგში გოლიც მაქვს გატანილი და ასე რომ ვთქვათ, შინაურ სტადიონზე ვითამაშებ," - გვითხრა ზივზივაძემ.

ჰამბურგში გატანილი გოლის შემდეგ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ ფეხბურთელები პლეი ოფისთვის განსაკუთრებულ რეჟიმში ემზადებოდნენ, მაგალითად, ბუდუ თვეების განმავლობაში არ ჭამდა შოკოლადს, რათა მის ფორმაზე ნეგატიური გავლენა არ მოეხდინა. ნაკრების ცენტრფორვარდმა ეს ამბავი დაადასტურა და გვითხრა: "შოკოლად ბევრს არც ვჭამდი, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ ზოგჯერ ვჭამდი, თუმცა ამ თამაშების წინ რამდენიმე თვით ადრე ვთქვი, რომ არ შევჭამდი და ასეც მოვიქეცი. როდესაც აქ ჩემი ოჯახი ჩამოვიდა, ხაჭაპური და სხვა ქართული კერძებიც ჩამომიტანეს, მონტარებული გექნებაო, მაგრამ პირიც არ დავაკარე, იმიტომ, რომ ამ თამაშებისთვის ვემზადებოდი. ვამბობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე თუ გავალთ, ერთ შოკოლადს შევჭამ-მეთქი, მაგრამ არც ეგ გავაკეთე, რადგან წინ კიდევ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და ამ რუტინას გავყვები. ფეხბურთელებს გვაქვს ცრურწმენები და როცა საქმე კარგად მიდის, იმ გზიდან არ უნდა გადაუხვიო".

'არ გვინდა, რომ მხოლოდ ეს ვიკმაროთ. ჯგუფიდან გასვლის ამბიციაც გვექნება'

ევრო 2024-ზე გასვლით ისტორია უკვე ისედაც დაწერილია. ფინალურ ეტაპზე ნებისმიერი სახის წარმატება უბრალოდ ბონუსი იქნება. ბუდუ ამბობს, რომ ნაკრების ფეხბურთელები გერმანიაში ტურისტების რანგში არ ჩავლენ და ამბიცია ექნებათ, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლონ.

ბუდუ: "საკმაოდ რთული ჯგუფია. პორტუგალიას საოცარი შემადგენლობა ჰყავს, კრიშტიანო რონალდოც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია. თურქეთი ვინჩენცო მონტელას ხელში ძალიან კარგად თამაშობს. ჩეხეთიც, მე პირადად, ყოველთვის მებრძოლ გუნდად მახსოვს. ჩვენ არ ვართ გამოცდილები, თუმცა არანაირი წნეხი არ გვაქვს. შეგვიძლია თავისუფლად და ლაღად ვითამაშოთ. გვყავს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები, მაგალითად - კვარა, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი. როცა კარში მამარდა დგას, მშვიდად ხარ, რადგან ჩემი აზრით, უმაღლესი დონის მეკარეა და ვუსურვებ, რომ უახლოეს მომავალში უკეთეს გუნდში გადავიდეს. როგორც იცით, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის ჯგუფიდან და თუნდაც ერთი გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მოგვცემს მერვედფინალში გასასვლელად ბრძოლის საშუალებას. წნეხი არ გვაქვს და ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის დამატებითი პლუსია. ჯერჯერობით, არავინ გვთხოვს ჯგუფიდან აუცილებლად გასვლას, მაგრამ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიცია, რომ მხოლოდ მონაწილეობაზე არ გავჩერდეთ და გვექნება ამბიცია, რომ ჯგუფიდანაც გავიდეთ".

ბუდუს სანაკრებო კარიერის აღმასვლა ვილი სანიოლს უკავშირდება. სწორედ ფრანგი სპეციალისტის ხელში იქცა ის საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად და ერთ-ერთ დასაყრდენად. ფრანგი მწვრთნელის შესახებ ბუდუ ამბობს: "მოედანს მიღმა ძალიან მეგობრულია, უყვარს იუმორი. არ გაგრძნობინებს, რომ დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები, ზემოდან არ გიყურებს და ყოველთვის გეხმარება. თბილი დამოკიდებულება აქვს ყველასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოედანზე ვარჯიშის დროს და ასევე თეორიაზე, ძალიან მკაცრია, ითხოვს, რომ შეასრულო ის, რასაც დაგავალებს. უყვარს დისციპლინა და მისი დამსახურებაა, რომ ნაკრებში დისციპლინა არსებობს. თუნდაც ბოლო ორ თამაშში ეს გამოჩნდა, ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ნაკრებში თავისი ტაქტიკა დანერგა, რასაც ალღო ძალიან კარგად ავუღეთ. იყო ესპანეთთან ერთი შეცდომა, როცა 4 მცველით თამაში ვცადეთ, რაც ცუდად მოგვიბრუნდა, მაგრამ შემდეგ შედეგები გამოვასწორეთ".

'ნაკრები ერთი ოჯახია, როცა ვინმე შეცდომას უშვებს, ვცდილობთ, ყველამ ერთად გამოვასწოროთ'

ლუქსემბურგთან მატჩის მიწურულს, როდესაც სანიოლმა ბუდუ შეცვალა, პირველი მას გიორგი კაციტაძე ჩაეხუტა. ადამიანი, რომლის შეცდომით ხვიჩა კვარაცხელიას პლეი ოფის ნახევარფინალის გამოტოვება მოუწია. ამის შესახებ ზივზივაძემ თქვა, რომ ნაკრები ერთი ოჯახია და თუ ვინმე შეცდომას უშვებს, მთელი გუნდი ცდილობს მის გამოსწორებას: "როცა შემცვალეს, პირველი იყო, ვინც ჩამეხუტა და მითხრა, რომ დღეს თავიდან დავიბადეო. ვიცოდი, მატჩამდე როგორ ნერვიულობდა. კაციტას მანამდეც ვუთხარი, რომ ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და არ ინერვიულო-მეთქი. სიტყვა რომ შევასრულე, თამაშის შემდეგ თბილად ჩამეხუტა. მარტო მე არა, ყველა ვცდილობდით, რომ მისთვისაც მოგვეგო ეს თამაში, რადგან საქართველოს ნაკრები დიდი ოჯახია და როცა ერთ ადამიანს შეცდომა მოუვა, აუცილებლად ვცდილობთ, რომ ყველამ ერთად გამოვასწოროთ".

სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებში ბუდუზე მეტი გოლი მხოლოდ კვარაცხელიას და მიქაუტაძეს აქვთ გატანილი

განვლილ ორ მატჩში "დინამო არენაზე" შექმნილი საოცარი ატმოსფეროს შესახებ კი ზივზივაძემ ასე ისაუბრა: "გერმანიაში სტადიონებზე საოცარი ატმოსფეროა, მაგრამ ამ ორ თამაშზე რომ იყო, ასეთი არასდროს მინახავს. ვფიქრობ, გულშემატკივარიც გაიზარდა, იციან, რა დროს, რა შეძახილი უნდა წამოვიდეს მათგან. საოცარი მუხტი მოდიოდა და ენერგიას გვაძლევდა ეს ყველაფერი. დიდი მადლობა, რადგან მათ გარეშე ამ მატჩების მოგება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვულოცავ გულშემატკივრებს იმიტომ, რომ დიდი ხანი ელოდნენ ამ დღეს. ყველამ ერთად, გულშემატკივარმა, ჟურნალისტებმა, ფედერაციამ, შევძელით, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ".

ბუდუს არც მედიის წარმომადგენლები დაავიწყდა: "პრესკონფერენციაზე ბიჭები რომ ამოვიდნენ, მეც მინდოდა მანდ ამოსვლა, მაგრამ გამომეპარნენ, ვერ შევამჩნიე, როდის წამოვიდნენ. იმიტომ მინდოდა, რომ მახსოვს რამდენიმე ჟურნალისტის სტატუსი ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ, თუ რამდენად შეურაცხმყოფელი იყო იმათი ფეხბურთელების შემოვარდნა საპრესკონფერენციო დარბაზში და ახლა მინდოდა, პირადად თქვენთვისაც მომელოცა, იმიტომ, რომ ამ სიხარულს იმსახურებდით".

'მინდოდა, ჩემი სიხარული ხალხისთვის გამეზიარებინა - კარგი შოუც გამომივიდა'

სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში მილიონობით ნახვები აქვს ბუდუს ცეკვას ეროვნული ნაკრების ზეიმზე. მან გვითხრა, რომ ცეკვის წრეზე 6 თვე დადიოდა კიდეც, მაგრამ არასდროს მოსწონდა და მალევე გამოვიდა. რესპუბლიკის მოედანზე განხორციელებულ პერფორმანსს კი ხუმრობით შოუ უწოდა: "იმდენად გახარებული და ისეთ ემოციებში ვიყავი, მინდოდა, ეს ხალხისთვის გამეზიარებინა და ვფიქრობ, კარგი შოუ გამომივიდა. რამდენჯერაც წასვლა დავაპირე, იმდენჯერ მისამღერი ჩაირთო და უკან შემომაბრუნა," - მისთვის ჩვეული ღიმილით გვითხრა ბუდუმ.

საბერძნეთთან მატჩიდან ბუდუს კიდევ ერთი ჰეროიკული ვიდეო შემორჩა ქართულ ისტორიას, როდესაც ბერძენი მცველის, კონსტანტინოს მავროპანოსის წინააღმდეგ წაქცეულმა ბურთზე თავით ითამაშა: "ყოველთვის ვამბობდი, რომ ეროვნული ნაკრებისთვის მოედანზე ყველაფერს დავტოვებდი. მანდ ტრავმაც რომ მიმეღო, მაინც იმავეს გავაკეთებდი და ბურთისთვის ვიბრძოლებდი, რადგან მინდოდა, ბურთი ჩვენ დაგვრჩენოდა".

ბუდუს ძალიან აფასებენ გერმანულ კარლსრუეშიც, სადაც 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. მას კლუბში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ბუდუ: "კარლსრუედან, ბოლო თამაშის მერეც, ნაკრებში ძალიან კარგად გამომაცილეს, როგორც ფეხბურთელებმა, ისე ფანებმა, რომლებმაც ცალკე გამიყვანეს და ჩემს სახელს სკანდირებდნენ. როცა ნაკრებში ვიყავი, ბიჭებიც მწერდნენ, ორივე თამაშის შემდეგ მომილოცეს, ხოლო როცა ჩამოვედი, საოცრება დამხვდა. ვფიქრობდი, რომ რაღაცას გააკეთებდნენ, მაგრამ ამას თუ იზამდნენ, არ მეგონა. გარდა ამისა, გასახდელში, სადაც ვზივარ, სულ საქართველოს დროშები იყო, ორი ფოტო დამახვედრეს - მარადონა მსოფლიო თასით და რონალდო ევროპის ჩემპიონატის თასით ხელში, ოღონდ ორივეზე ჩემი თავი იყო ჩასმული (იღიმის - რედ). მართლა ძალიან ემოციური მომენტი იყო და დიდი მადლობა გადავუხადე. მათი დამსახურებაცაა, რომ ახლა ასეთ ფორმაში ვარ, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დამეხმარნენ. თან, ისეთი ვარჯიშები გვაქვს ყოველთვს, რომ შანსი არ არის, ფორმაში არ იყო".


კარლსრუეს ფორვარდი ძალიან კარგ ფორმაშია და სურს, რომ II ბუნდესლიგაში ქართული რეკორდის ავტორიც გახდეს: "შალკესთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, პლეი-ოფის ზონასთან 6 ქულაა სხვაობა. ჩვენი მიზანია, რომ სამეულში მოვხვდეთ, ვფიქრობ, 8 ტურში 6 ქულის ამოღება შეგვიძლია. რაც შეეხება პირად მიზანს, 10 გოლი მაქვს გატანილი და ყველა მატჩში თუ გავიტან, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ სეზონს 15 გოლით თუ დავასრულებ, მაინც კმაყოფილი ვიქნები. გარდა ამისა, ერთი გოლი მაშორებს, რომ II ბუნდესლიგაში ქართული რეკორდი დავამყარო. კობის და იაშკას აქვთ ამ ლიგაში სეზონში 10-10 გოლი აქვთ გატანილი, რაც უკვე გავიმეორე, ამიტომ ახლა 1 გოლი მჭირდება, რომ რეკორდი გავაუმჯობესო".

'ჩემი ოცნებაა ტოპლიგაში ვითამაშო და თუ ეს მოხდა, შრომა დამიფასდება'

ზივზივაძის ოცნება და მიზანი ტოპ ხუთ ჩემპიონატში თამაშია და იმედი აქვს, რომ ევრო 2024-ზე თამაში ამაში დაეხმარება: "კარლსრუესთან კონტრაქტი 2025-წლამდე მაქვს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიძლება საინტერესო შემოთავაზებები იყოს. მეორე ბუნდესლიგაში რომ გადავედი, მიზანი იყო ის, რომ 1-2 წელიწადში მეთამაშა პირველ ბუნდესლიგაში. სხვა, უფრო დაბალი დონის ლიგიდან გაცილებით სარფიანი წინადადებაც რომ იყოს, უარს ვეტყვი, რადგან მინდა, რომ ჩემს კარიერაში ტოპლიგაში მქონდეს ნათამაშები, რასაც თუ მოვახერხებ, ორმაგად ბედნიერი ვიქნები, რადგან ის შრომა, რაც ფეხბურთში ჩავდე, დამიფასდება".

ბუდუ მხოლოდ საქართველოში არ უყვარს ყველას. ის ფანების საყვარელი მოთამაშე იყო უნგრულ უიპეშტშიც, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ 6 თვე გაატარა და კარლსრუეშიც პუბლიკის ფავორიტია. KSC-ს გულშემატკივრები მის სახელს ყოველ მატჩზე სკანდირებენ.

"უიპეშტში თავიდანვე გოლების გატანა დავიწყე, გუნდი გასავარდნ ზონაში იყო და მალევე შანსი გვქონდა, ევროტურნირებზე გავსულიყავით, შესაბამისად, მესმის, ფანებს მალევე რატომაც შევუყვარდი. აი, კარლსრუეში თავიდან სათამაშო დრო არც მქონდა და მიუხედავად ამისა, ფანებისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. არ ვიცი, რატომ. ალბათ, ჩემში პოტენციალი დაინახეს. ზოგადად, ალბათ, ფანებს უყვართ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებენ და მოედანზე ყველაფერს ტოვებენ".

ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2017 წლის 23 იანვარს, უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. თუმცა, მას ვლადიმირ ვაისი ნდობას არ უცხადებდა, ამიტომაც ბუდუ ნაკრების სტაბილურ წევრად 2021 წლიდან, ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ იქცა. სადებიუტო გოლიც სულ რაღაც 2 წლის წინ, 2022 წლის 25 მარტს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სპარინგში გაიტანა. სულ ბუდუს ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 25 მატჩი და 7 გოლია. საკლუბო კარიერაში ზივზივაძე დინამო თბილისში, ქუთაისის ტორპედოში, სამტრედიაში, დანიურ ესბიერგში, უნგრულ მეზოკოვეშდში, ფეჰერვარსა და უიპეშტში თამაშობდა, ხოლო 2023 წლის ზამთრიდან კარლსრუეს წევრია. 2016 წელს სამტრედიასთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი. გარდა ამისა, 2019 წელს ქუთაისის ტორპედოში საქართველოს თასი მოიგო, ხოლო 2018 წელს, ეროვნული ლიგის ბომბარდირის პრიზი მეორედ მოიპოვა...

სრულად წაკითხვა