ბუდუს დუბლით ბრძოლა მოვიგეთ! წინ ომია! ევროპამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს

1 month ago 54
  • საქართველო 2:0 ლუქსემბურგი
  • პირველ ტაიმში ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, 64-ეზე დუბლიც შეასრულა...
  • 58-ე წუთზე ლუქსემბურგი ათი კაცით დარჩა
  • ბუდუ ზივზივაძემ დუბლი 64-ე წუთზე შეასრულა

საქართელო ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალშია! ქართული ფეხბურთის მრავალი თაობის გულშემატკივართა ოცნებამდე ერთი გამარჯვებაღა გვაშორებს! მატჩის გმირი ბუდუ ზივზივაძე იყო - მან ლუქსემბურგს ორი გოლი გაუტანა!

ბუდუმ ძალიან მაგრად ითამაშა - თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა

ვილი სანიოლმა დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში ორი ფორვარდით თამაში გადაწყვიტა - ცენტრფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს გიორგი მიქაუტაძე შეუწყვილა, მათ უკნიდან გიორგი ჩაკვეტაძე ეხმარებოდა. ეროვნულ გუნდში დაბრუნებული ჯაბა კანკავა სასტარტო 11-ეულში ვერ მოხვდა - ნახევარდაცვის შუაში კი ფრანგმა თავკაცმა გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი გაამწესა. ცენტრალურ მცველთა სამეულის გამოცნობა იოლი იყო, მით უფრო მას მერე, რაც საბა საზონოვი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა - საბა კვერკველია, კაპიტანი გურამ კაშია და ლაშა დვალი. ფლანგებზე ოთარ კაკაბაძე და ლევან შენგელია დადგნენ. 

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში გაიყვანა

პირველი საგოლე მომენტი მე-13 წუთზე შეიქმნა, ქოჩორაშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, შეტევა ჩაკვეტაძემ გააგრძელა, ბურთი ზივზივაძესთან გაითამაშა, ხოლო ბუდუს დარტყმული ძელს მოხვდა. 

21-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. მე-40 წუთზე მეკარემ კაკაბაძეს ახლო მანძილიდან აუღო. 

ანგარიში 41-ე წუთზე გავიდა - კუთხურმა ლუქსემბურგელი მცველები დააბნია და ბუდუ ზივზივაძემ ახლო კუთხეში გაიტანა - 1:0. ტაიმი, რომელიც საქართველოს სრული უპირატესობით წარიმართა ასევე დასრულდა. 

52-ე წუთზე მიქაუტაძეზე შანომ იუხეშა, მაგრამ მსაჯმა თამაში გააგრძელა, მეტიც, ლუქსემბურგმა გოლიც გაიტანა (ჟერსონ როდრიგეში), თუმცა VAR-ზე მომენტი გადამოწმდა, მართალია, ლუქსემბურგის კარში ჯარიმა დაინიშნა და არა პენალტი, მაგრამ შანო მსაჯმა გააძევა. ლევან შენგელიამ 58-ე წუთზე ჯარიმა ხარიხას გაარტყა. 

ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალი 26 მარტს გაიმართება - საქართველოს ნაკრები თბილისში საბერძნეთისა და ყაზახეთის დუელის გამარჯვებული იქნება. ეს მატჩი უახლოეს წუთებში დაიწყება. 

საქართველო 2:0 ლუქსემბურგი

გოლები: 1:0 ზივზივაძე (41), 2:0 ზივზივაძე (64. შენგელიას პასით)

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია (კაპ), დვალი - კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი (87. კანკავა), შენგელია (72. წიტაიშვილი) - ჩაკვეტაძე (77. კვეკვესკირი) - მიქაუტაძე (77. დავითაშვილი), ზივზივაძე (86. ქვილითაია)

ლუქსემბურგი (5-3-2): მორისი - იანსი (კაპ), ბონერტი, მაჰმუტოვიჩი (91. მურატოვიჩი), შანო, პინტუ (42, მ, მარტინსი) - კ. მარტინსი, ოლესენი (77. ო. ტილი), ბარეირო - ბორჟეს სანშეში (77. კურჩი), როდრიგეში (91. კორაჩი).

სრულად წაკითხვა