გამოხატვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვის შემდეგ შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს

1 week ago 16

გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებული კანონმდებლობის მორიგ ჯერზე გამკაცრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტებს აფრთხილებს.

სამინისტრო მოუწოდებს „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ის „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.

სადავო პარლამენტმა 2 დღეში მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელსაც წუხელ, 16 ოქტომბერსვე მოაწერა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა.

აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ, კანონი გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე და ძალაშიც შევიდა.

უკვე მოქმედი ცვლილებებით, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:

  • აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
  • ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
  • გზის გადაკეტვისთვის.

2024 წლის 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირს საღამოობით დემონსტრანტები კეტავენ. 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციებს „უკანონოს“ უწოდებენ.

სრულად წაკითხვა