'გვაქვს გეგმა, ექსპერიმენტების დრო არ არის' - რა თქვა სანიოლმა მატჩის წინ

1 month ago 53
  • 📅 21 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ლუქსემბურგი
  • მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლმა და ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს

ვილი სანიოლის მოსაზრებები და მით უმეტეს გადაწყვეტილებები არასდროს ყოფილა ისე საინტერესო ჩვენთვის, როგორც ახლა, ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის წინ.

21 მარტს, ეროვნული გუნდი ლუქსემბურგთან ნახევარფინალურ მატჩს გამართავს და უნდა გავიდეს ფინალში, სადაც საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებ გუნდებს შორის მოგებულთან ექნება საქმე. 

ლუქსემბურგთან მატჩის წინ ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მასთან ერთად, მომავალ მატჩზე ოთარ კიტეიშვილმაც ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...გუნდში განწყობაზე: „სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე რთულია და მნიშვნელოვან რამეებს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრები, თუ რაზე უნდა ჰქონდეთ კონცენტრაცია მოედანზე. საქართველოს ნაკრებში ხარისხი მაღალია. მიმაჩნია, რომ სწორი სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ, ეს ერთი მატჩია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორი მიდგომით ვითამაშებთ, მოტივაცია არ გვაკლია და ვეცდებით, ჩვენი საუკეთესო მხარეები ვაჩვენოთ“.

...გეგმის შესახებ: "ახლის და განსაკუთრებულის მოფიქრება არ დაგვიწყია. გვაქვს ჩვენი გეგმა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მოგვიფიქრებია. თითოეულმა მოთამაშემ იცის თავისი რუტინა და როგორ უნდა მოემზადოს. გუნდურადაც ვემზადებით ისე, როგორც აქამდე და განსაკუთრებული სიახლეები არ იქნება, რაღაც ექსპერიმენტები რომ არ გამოვცადოთ“.

...ლუქსემბურგის ნაკრებზე: „ლუქსემბურგის თამაშები, რა თქმა უნდა, ვნახეთ - განსაკუთრებით, ბოლო 12 თვეში ჩატარებული მატჩები. არ უნდა მოვდუნდეთ და შესაბამისად, უნდა დავაფასოთ ჩვენი მეტოქე. მთავარი ისაა, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და ჩვენი შესაძლებლობლები ბოლომდე გამოვავლინოთ. თუ ასე არ იქნება, შედეგიც სასურველი არ იქნება. ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი არ გვჭირდება, გვინდა, რომ ისინი თავიანთი მიდგომით და დამოკიდებულებით უნდა მოემზადონ. თუ ყველაფერს გავაკეთებთ, შედეგსაც მივაღწევთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“. 

...ჯაბა კანკავას შესახებ: „რაკი ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდს სჭირდება. ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ არა, ამას მხოლოდ მაშინ გაიგებთ, როცა ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელიც დაასახელებს სასტარტო შემადგენლობას. მე ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს“.

...ფეხბურთელების ფიზიკურ ფორმაზე: „კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. ძალიან კარგია, რომ მიქაუტაძე და ზივზივაძე ფორმაში არიან, ასევე ქოჩრაშვილიც დაბრუნდა ტრავმის შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ინდივიდუალურად და გუნდურად კარგად ვითამაშებთ“.

...საკუთარ გამოცდილებაზე: „ახლა მეც ფეხბურთელივით ვარ, მეც ძალიან მოტივირებული ვარ. შეიძლება, არ მეტყობოდეს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ თავს ვიკავებ. ფეხბურთელებს თუ მოვთხოვ, რომ კონცეტრირებულები იყვნენ და მე სულ გავიღიმებ, ეს არ იქნება სწორი. ჩვენ, როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები, მთელი კარიერის განმავლობაში ვემზადებით ასეთი თამაშებისთვის. ასეთი გამოწვევები ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ მთავარ მიზანზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ჩვენ ხარისხიანი გუნდი გვყაქვს. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ჯერ გონებით იფიქრონ, მერე გულით და არა პირიქით“.

...საქმისადმი მიდგომაზე: „აუტსაიდერი შეიძლება არ იყოს საინტერესო მედიისთვის, ფანებისთვის, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასე არ უნდა მივუდგეთ საქმეს, რადგან მოედანზე შეიძლება სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ამიტომ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ინდივიდუალურ და გუნდურ თვისებებზე“.

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრები)

...გუნდში განწყობაზე: ყველა ველოდით ამ თამაშებს, რომლებიც ჩვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებია ამ ეტაპზე. შემართება და განწყობა ძალიან კარგია, ნაკრებში არასდროს იყო ამის პრობლემა, მითუმეტეს ამ თამაშებზე გაასმაგებულია და ვემზადებით, რომ დიდი ხნის ოცნება ავიხდინოთ.“

...მეტოქის შესახებ: "ბოლო პერიოდში ლუქსემბურგს პროგრესი აქვს და რთულ თამაშს ველოდებით. დრო ცოტა გვაქვს, ტაქტიკაზე საუბარი დღეს და ხვალ იქნება, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია და ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყოთ ამ მატჩში.

...კანკავაზე: "ჯაბას დაბრუნება განსაკუთრებული ამბავია. ჩვენთვის, ჩემთვისაც პირადად, ჯაბა ყოველთვის იყო და არის მისაბაძი მაგალითი თავისი ხასიათით, სათამაშო ჟინით და რა თქმა უნდა, მისი გუნდში ყოფნა, ჩვენთვის განსაკუთრებული ძალაა. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს."

...ერთიანობის მნიშვნელობაზე: "ამ თამაშს მთელი ქვეყანა ველოდებოდით და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი საქართველოს. მადლობა, ვინც გვქომაგობს და უნდა, რომ მოვიგოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ და ამით შევძლებთ წარმატების მიღწევას."

...პასუხისმგებლობაზე: ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ფეხბურთს თან ახლავს ეს და ფეხბურთელს ეს გაანალიზებული აქვს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი მატულობს, მაგრამ ვემზადებით როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მზადაა ამ კონკრეტული შეხვედრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს წნეხი დავძლიოთ, პასუხისმგებლობა სწორად გადავიტანოთ მოედანზე და ჩვენი თავის საუკეთესო მხარები წარმოვაჩინოთ“.

მეტი ნაკრების თემაზე

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი) ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).

მცველები: საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), საბა საზონოვი (ტორინო), გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (დონეცკის შახტარი).

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ჯაბა კანკავა (სლოვანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო).

სრულად წაკითხვა