20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა.
47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრაგედიის შესახებ პირველად საუბრობს მოკლულის მეუღლე ნინო კასრაძე.
“მართლა მთის შვილი იყო, ყველაზე მეტად თავისი კუთხე უყვარდა და ხევი. ერთი სული ჰქონდა ამინდი გამოსულიყო, რომ სულ იყურებოდა მთაში. სულ მიდიოდა... დილით წავიდა, სანთლები და შეღებილი წითელი კვერცხები წაიღო. ტაძარში წავიდა, სალოცავია იქ ყაზბეგში... წავიდა და წავიდა...
ნათესავი გოგონა მოვიდა და ჩქარა, ჩაიცვი, საავადმყოფოში ჰყავდათ უკვე მოყვანილი. გია ცუდად არის და წამოდიო.
მართლა რომ იტყვიან, ვარდისფერი სათვალით და დავდიოდი და ასე ვცხოვრობდი, იმიტომ რომ გია მყავდა ზურგი. მარტო ჩვენი ოჯახის და შვილების იმედი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის იმედი იყო,“ - აცხადებს ნინო კასრაძე “რუსთავი 2“-თან საუბარში.
ადგილზე იმყოფებოდა თავდამსხმელის ნათესავიც. გია ხაიკაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა დაარტყა. მძიმედ დაჭრილმა გია ხაიკაშვილმა საკუთარი ავტომობილით ახლოს მდებარე ნათესავთან მისვლა შეძლო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სულ სისხლში ბანაობდა. ეგეთი რაღაც მე ჯერ არ მინახავს. გინდ ჩემი ძმა იყოს, ვინც გინდა იყოს, უნდა დაისაჯოს მკაცრად, რომ ასეთი რაღაცა არ განმეორდეს” - იხსენებს გია ხაიკაშვილის მეგობარი პავლე წიკლაური.
გია ხაიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაატა ქუშაშვილი და მისი ბიძაშვილი კი პოლიციამ დააკავა.
ხაიკაშვილების ოჯახს ბრალდებულების ნათესავებმა სამძიმარი გამოუცხადეს და ბოდიში მუხლმოდრეკილებმა სთხოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქუშაშვილების გვარის მამაკაცები მუხლზე დგანან და მოკლულის გვარს ასე სთხოვენ პატიებას. ვიდეოს პაატა ქუშაშვილი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მათმა გვარმა გადაწყვიტა მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახები ხევიდან გაასახლონ.
როგორც Ambebi.ge-ს ყაზბეგიდან აცნობეს, 27 აპრილს ვლადიკავკაზში გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი - ფიდო ეფხოშვილი დააკავეს, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ფიდო ეფხოშვილიც ყაზბეგის მკვიდრი და გია ხაიკაშვილის მეზობელია.
წყარო: ამბები.ჯი