გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ საუბრობს მამუკა მდინარაძე

1 hour ago 3

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის ინფორამციით ძალადობის შედეგად კლინიკაში გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი.

"ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ წუთებში მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში", - თქვა მდინარაძემ.

შემდეგ მან დაამატა, რომ "დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი".

უცნობია დაკავებულის ვინაობა, რადიო თავისუფლება პროკურატურისგან ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ვინმეს დაკავების შესახებ ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ ქვს გიგა ავალიანის ოჯახს.

ამის შესახებ მისმა დედამ ეკა კუპატარძემ განუცხადა რადიო თავისუფლებას.

გიგა ავალიანის საქმე

მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სრულად წაკითხვა