გოლი ზედიზედ მესამე მატჩში! მიქაუტაძემ მეცს მოაგებინა

2 months ago 73
  • მეცი 1:0 კლერმონი
  • მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის პლეი ოფის დაწყებამდე ძალიან მაგარ ფორმაში შევიდა და გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეცს ბოლოადგილოსან კლერმონთან მნიშვნელოვანი შეხვედრა 1:0 მოაგებინა.

მიქაუტაძე პირველად მეტოქის კარს მე-8 წუთზე დაემუქრა - საჯარიმოს ხაზთან მან ბურთი კარგად დაამუშავა და ეფექტურად დაარტყა, თუმცა, ოდნავ არაზუსტად. მეცმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. მაქსიმ კოლინმა კლერმონის მცველს ბურთზე თამაში დაასწრო და პენალტიც მოიპოვა, გიორგიმ კი თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. პირველ ტაიმში კლერმონს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა მეკარე, ალექსანდრ უკიჯა მეტოქეებს ამის საშუალებას არ აძლევდა.

5 გოლი და 4 ასისტი მიმდინარე სეზონში

მეორე ტაიმში სტუმრები კვლავ უტევდნენ, მაგრამ უკიჯა უშეცდომო იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ლასლო ბოლონიმ მიქაუტაძე დამატებულ დროში, 94-ე წუთზე შეცვალა. საბოლოო ჯამში, მეცმა სამი ქულა რთულ ბრძოლაში მოიპოვა.

მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი აიაქსის შემადგენლობაში გაატარა, ის მაინც მეცის საუკეთესო ბომბარდირია.

ბოლონის გუნდი 25 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-17 ადგილზე, გასავარდ ზონაშია და მე-15 ადგილამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებს. მომდევნო შეხვედრას გიორგის გუნდი 17 მარტს სტუმრად რეიმსთან გამართავს, შემდეგ კი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

სრულად წაკითხვა