'გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება' - A BOLA საქართველოს ნაკრებზე

1 month ago 33

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას! ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთადაა.

პოპულარული და ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A BOLA თავიანთი ქვეყნის მეტოქეებს განიხილავს და ერთ-ერთი სწორედ ჩვენი ეროვნული გუნდია. ავტორი სტატიაში საქართველოს ნაკრების დადებით და უარყოფით მხარეებზე წერს.   

"პლეი ოფში გასვლა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს საქართველოს დამსახურებას არ აკნინებს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. ეს არის გუნდი, რომელიც ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ, 2021 წლიდან მუდმივად იზრდება. საქართველო პლეი ოფში ერთა ლიგის D დივიზიონიდან გავიდა, რომელშიც 6 შეხვედრაში 5 მოგება და 1 მარცხი დააგროვა.

მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ მათ ფეხბურთელებზეც.  ვალენსიის მამარდაშვილი ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა, მიქაუტაძე მეცში თამაშობს და არაპროგნოზირებადი თავდამსხმელია, მთავარი ლიდერი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის მოთამაშე გუნდის მამოძრავებელი ძალაა და ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია მსოფლიოში. მისი კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ შეამჩნიო ამ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტების ნაკლოვანებები. საქართველო, ფეხბურთელების ფასების მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზეა ამ ტურნირზე - მოთამაშეების ღირებულება 150 მილიონი ევროა, საიდანაც 80 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასია. საკლუბო ფეხბურთის კუთხით ამ გუნდის ფეხბურთელებს მაღალ დონეზე გამოცდილება აკლიათ, საერთაშორისო ასპარეზზე კი საერთოდ არ აქვთ. 1:7 მარცხმა ესპანეთთან აჩვენა, რომ მათ არანაირი პასუხი არ ჰქონდათ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად იგებს ტიტულებს. ეს არის ნაკრები, რომელსაც კარგი სათამაშო პრინციპები და შრომისმოყვარეობა აქვს, მათი ყველაზე სუსტი წერტილი კი გამოუცდელობაა", - წერს პორტუგალიური გამოცემა.

საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში "ვესტფალენშტადიონზე" თურქეთს დაუპირისპირდება, 22 ივნისს ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონზე" სანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება, 26 ივნისს კი, გელზენკირხენში, "არენა აუფ შალკეზე", ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიას.

სრულად წაკითხვა