საპროტესტო აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით აცხადებენ, რომ დღეს ამ ადგილას ღამისთევას გეგმავენ.
„სადაც დაიწყო მოპარული არჩევნების შემდეგ პროტესტი, იქ ვათენებთ ღამეს სინდისის პატიმრებისთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლელმა ერთ-ერთმა დემონსტრატმა.
ამასთან, როგორც წინა 196 დღის განმავლობაში, დღეს საღამოს კვლავ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
როგორც აქციაზე განაცხადეს, იქ მყოფი დემონსტრანტები თსუ-სთან მისვლას გეგმავენ.
მცირე ხნით ადრე ამ ადგილას დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს.
პოლიციელებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ - აქციის მონაწილეებმა მოახერხეს ორი ღია კარვის გაშლა.
დღეს საღამოს აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ [...]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“, - თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, - ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.