გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანსა და ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტონ ესკალაცია.
„ისრაელის ბომბდამშენები ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ირანის სარაკეტო დარტყმები თელ-ავივზე. საკმარისია ესკალაცია. დროა, შეჩერდეს. მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ის პლაფრომა X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ის ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს ესაუბრა შექმნილ ვითარებაზე.
„კვლავ დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. ამავდროულად, რეგიონის სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, მან ყველა მხარეს მოუწოდა „იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით“ და შეამცირონ დაძაბულობა.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ირანის რაკეტის აფეთქების შედეგად, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოვარდა ქალაქ რიშონ ლეციონში, თელ-ავივის სამხრეთით.