ევროკავშირმა თინა კანდელაკი დაასანქცირა

6 days ago 5

ევროკავშირმა ქართული წარმოშობის კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი დაასანქცირა.

ევროკავშირის საბჭომ დღეს, 16 დეკემბერს, მიიღო გადაწყვეტილება 16 ფიზიკური და 3 იურიდიულ პირისთვის სანქციების დაწესებაზე, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წინააღმდეგ დესტაბილიზაციის საპასუხოდ. სწორედ ამ სიაში მოხვდა კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი.

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, კანდელაკი იყენებს თავის პოპულარობასა და გავლენას რუსული პროპაგანდის გასახმოვანებლად და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიული ომის გასამართლებლად.

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, კანდელაკი პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას გაერთიანების, მისი წევრებსა და მესამე ქვეყნებში. ასევე რუსეთის იმ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

„ის [თინა კანდელაკი] იყო მათ შორის, ვინც გამოვიდა 2022 წლის 18 მარტს ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე, რომელზეც აღინიშნა ყირიმის უკანონო ანექსიის 8 წლისთავი და იქცა უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერის სიმბოლოდ. 2014 წლის შემდეგ მან სრულად დაუჭირა მხარი ყირიმის უკანონო ანექსიას.

უფრო მეტიც, ის არის გაზპრომის მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე, რამდენიმე მედიასაშუალების ჰოლდინგის, რომლებიც ავრცელებენ ანტიუკრაინულ პროპაგანდას და ამართლებენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.

სრულად წაკითხვა