ევროკომისია გაფართოებისა და ახალი წევრებისთვის წესების გადახედვის წინადადებაზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირის ლიდერებს 15 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპულ საბჭოზე წარედგინებათ.
ამის შესახებ Politico-ს საკითხზე მომუშავე სამმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
რეფორმის მიზანია გააქარწყლოს შეშფოთება იმის შესახებ, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფის გაზრდის შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღება და რესურსების გადანაწილება კიდევ უფრო გართულდება.
„ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ემზადება ევროკავშირის დედაქალაქებთან ბრძოლისთვის ახალი წევრების მიღების გეგმებთან დაკავშირებით. მას მხოლოდ რამდენიმე კვირა აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ბლოკის გაფართოების რისკების მართვა შეუძლია“, — წერს გამოცემა და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები საჯაროდ მხარს უჭერენ მონტენეგროს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებას, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა წინააღმდეგობა გამოხატეს პროცესის ზედმეტად დაჩქარებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობენ, რომ ახალ წევრ ქვეყნებში შესაძლოა, მთავრობები შეიცვალოს და დაბლოკონ ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკა, როგორც ეს მოხდა ორბანის უნგრეთის შემთხვევაში.
„არსებობს მიზეზი, რის გამოც გაფართოების პროცესს ათწლეულები სჭირდება. შიში იმაში მდგომარეობს, რომ არ შემოვუშვათ ტროას ცხენი“, — განაცხადა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის დიპლომატმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა Politico-ს Playbook-ს განუცხადა, რომ ბრიუსელი აცნობიერებს „ყველა 27 წევრი ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების“ აუცილებლობას და დაადასტურა, რომ „კომისია მალე წარადგენს წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ უფრო ფართო კავშირისთვის“. ეს მოიცავს ახალი წევრების უფლებებისა და მოვალეობების გამკაცრებას, ისევე როგორც უსაფრთხოების მექანიზმებს, რომლებიც შეუზღუდავს მათ გადაწყვეტილებების ჩაშლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. საბოლოო დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებს შორის ყველაზე წინწასულია მონტენეგრო, რომელმაც უკვე დაიწყო გაწევრიანების ხელშეკრულების პროექტის მომზადება.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მოწინავე ქვეყანაა მონტენეგრო, რომელთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მას მოსდევს ალბანეთი, რომელთანაც მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი გახსნილია და მათი დახურვის პროცესი იწყება. ორ-ორი კლასტერია გახსნილი უკრაინასთან და მოლდოვასთან.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეცვლის შემდეგ, ევროკავშირს გაფართოება სტრატეგიულ აუცილებლობად აქვს გამოცხადებული. კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. პოტენციური კანდიდატია კოსოვო. აქედან თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაყინულია 2018 წლის შემდეგ. საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გახსნილა, კანდიდატის სტატუსი კი, ევროკავშირის შეფასებით, მხოლოდ ქაღალდზე რჩება მას შემდეგ, რაც საქართველომ არ შეასრულა წინაპირობები, რომლითაც ის მიიღო.
გაფართოებასა და რეფორმებზე სტრატეგიულ განხილვა ევროპული საბჭოს 2026 წლის ოქტომბრის სამიტზე იგეგმება.
ამ თემაზე:
ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე
netgazeti