ევროკომისიამ უკრაინას ნება დართო, Patriot-ის სისტემებისთვის ევროპული კრედიტებით შეისყიდოს ჭურვები. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა, იუწყება „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური.
კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიამ კიევს საბოლოოდ დაუმტკიცა 6,1 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი Ukraine Support Loan, რომლის დახარჯვაც რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესაძენად არის შესაძლებელი.
„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ წევრ სახელმწიფოებსა და უკრაინასთან ამ მიზნის მისაღწევად. ეს გადაწყვეტილება უკრაინას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, Ukraine Support Loan-ის სახსრებით Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3 რაკეტები შეიძინოს“, განაცხადა მან.
მან დასძინა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად განიხილავს შესაძლებლობას, ამერიკული Patriot-ის სისტემებისთვის PAC-2 ან PAC-3 ტიპის რაკეტები უკრაინას გადასცეს არა 2027 წელს, როგორც ეს მანამდე იგეგმებოდა, არამედ უკვე უახლოეს მომავალში.
„ანუ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, უკრაინას ახლავე გადასცენ რაკეტები საკუთარი მარაგებიდან, მოგვიანებით კი ის რაკეტები მიიღონ, რომლებიც უკრაინას 2027 წელს უნდა მიეწოდოს“, დააზუსტა ევროკომისარმა.
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ აპრილში, Ukraine Support Loan-ის პროგრამის ფარგლებში, უკრაინას დაუმტკიცა 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი, რომელიც 2026-2027 წლებზეა გათვლილი. აქედან 60 მილიარდი ევრო ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება.
ამ კრედიტის წესების თანახმად, მხოლოდ ისეთი შეიარაღების შესყიდვაა დასაშვები, რომელიც არანაკლებ 65%-ით ევროპული ან უკრაინული კომპონენტებისგან შედგება. იმ პროდუქციისთვის, რომელიც ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ცალკე ნებართვაა საჭირო. ივლისში ასეთი გამონაკლისი დაუშვეს დრონების ჩინური ნაწილებისთვის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთი უკრაინის „გატეხას“ სწორედ ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერებით შეეცდება. უკრაინა მოკავშირეებს მოუწოდებს, მიაწოდონ რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც ბალისტიკურ რაკეტებთან გამკლავება შეუძლია.
radiotavisupleba ახალი ამბები