ამ საკითხზე მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე. ანგარიში ეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
იუკენვიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები არის მაგალითი იმისა, თუ „როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ჩაიგდო ხელში პრორუსული მთავრობით გასროლის გარეშე“.
შეჯერებულ დოკუმენტს კენჭისყრაზე მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა - შესწორებებით, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა. კომიტეტში 79-წევრია.
იუკნევიჩიენეს თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი აფასებს არა პროგრესს საქართველოში, არამედ „უდიდეს უკუსვლას ევროკავშირის პარტნიორობიდან ბრუტალურ ავტოკრატიამდე“.
„გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაცისი დაბლოკვის შესახებ, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტებისა, რაც ანგარიშში მოხვდა“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ანგარიშში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია, როგორც „გაყალბებული არჩევნები“, რომელიც გახდა „ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი“, რის შემდეგაც მოხდა „სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში - პირიქით, „რეგრესიც კი განიცადა“.
ზოგადად, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს, - რომელიც შეიცავს სხვადასხვა კრიტიკულ შენიშვნას და მოწოდებას, რაც „ოცნებისთვის“ მიუღებელია, - „ჩალის ფასი აქვს“.