ერგნეთში IPRM-ის 121-ე შეხვედრა გაიმართა

1 month ago 33

ერგნეთში 12 სექტემბერს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 121-ე შეხვედრა გაიმართა, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა „განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ, ‘ბორდერიზაციის’ აქტივობები, მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ინციდენტები და ადგილზე უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების „განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს“. თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს მათი მოსაზრება, რომ „გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენა სარგებელს მოუტანს ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს და მოხუცებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მონაწილეებმა „აღიარეს ქმედითი თანამშრომლობა ირიგაციის მიმართულებით, ხაზი გაუსვეს რა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საკვანძო როლს წყლის დონის შესახებ ინფორმაციის სწრაფ და ზუსტ გაცვლასა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. მათ ასევე მადლიერება გამოხატეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ, საირიგაციო სეზონის განმავლობაში წყლის დონის მონიტორინგის მიზნით პატრულირებების ჩატარებისთვის. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი წინსვლისთვის საჭირო შესაბამისი სამუშაოების მნიშვნელობას, მათ შორის ტექნიკური შეხვედრების ჩატარების გზით“.

„მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის  შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 12 ნოემბერს გამართვაზე. გარდა ამის, ნოემბერში გაიმართება იქნება ცალკე ტექნიკური შეხვედრა ირიგაციისა და წყალზე ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ, რათა განხილულის იყოს გასული საირიგაციო სეზონის გამოცდილება და დაიგეგმოს მომავალი სამუშაოები“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

სუს-ის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა დაყენებული უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.

“მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული სხვა უკანონო აქტივობები. გაიმართა დისკუსია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის კომენტარი

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთში ივლისში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, უკანონო „ბორდერიზაციის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა და რომ ეს შემთხვევები დეტალურად იქნა განხილული შეხვედრაზე. ანთაძემ ასევე განაცხადა, რომ იმავე პერიოდში უკანონო დაკავების ექვს შემთხვევას ჰქონდა ადგილი.    

საოკუპაციო ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სუს-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ანთაძემ განმარტა, რომ უკანონო დაკავების ექვსი შემთხვევიდან ხუთი იმიტომ არ გამჟღავნდა, რომ უკანონოდ დაკავებულთა „საუკეთესო ინტერესები“ ყოფილიყო დაცული. მედიის კითხვის საპასუხოდ მან ასევე განაცხადა, რომ ინფორმაციის შემცირებას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მან ასევე განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი 13 სექტემბერს გათავისუფლდება. ხეთერელი გასული წლის ივლისში დააკავეს უკანონოდ. უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ცხრა მოქალაქე.

ცხინვალის წარმომადგენლის განცხადება

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოითხოვა წნელისი-ჩორჩანას პოლიციის საგუშაგოს გაუქმება. „როგორც წესი, ყოველ ჯერზე ვახსენებთ ამ საგუშაგოს. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მძიმეა ეს მოლაპარაკებები. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს უკანონო პოლიციის საგუშაგო მოიხსნას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“, – განაცხადა ცხინვალის წარმომადგენელმა იგორ კოჩიევმა.

კოჩიევმა ასევე განაცხადა, რომ საუბარი შეეხო უპილოტო საფრენი აპარატების საკითხსაც. მისი თქმით, „როდესაც ცხელი ხაზით ვატყობინებთ უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის შესახებ და ქართული მხარე ცდილობს მის დადგენას, უპილოტო საფრენი აპარატი ტოვებს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს ან შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე ეშვება, რაც საკმაოდ ართულებს ფრენის ფაქტის დადასტურებას“. მან დასძინა, რომ „ირიბად დასტურდება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ქართულ მხარეს ეკუთვნის, რადგან სოციალური ქსელების ქართული სეგმენტი სავსეა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ფოტოებით“, რაც ადასტურებს, რომ ეს ფოტოები გადაღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა