სამხრეთ კავკასიის რკინიგზის საერთაშორისო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანი 14 ივნისს დაიწყებს მოძრაობას. შეთანხმებას ერევანში, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს.
არსებული ინფორმაციით. მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს, ლუწ რიცხვებში ერევნიდან, კენტ რიცხვებში კი ბათუმიდან. ბილეთების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება. მარშრუტის მოქმედების პერიოდში - 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე - ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მატარებლის მოძრაობა გაუქმდება.
სამხრეთ კავკასიის რკინიგზის გენერალური დირექტორის ალექსეი მელნიკოვის სიტყვებით, სომხეთის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს შორის საერთაშორისო მარშრუტზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია.
„მგზავრთნაკადი ზაფხულის სეზონზე საკმაოდ აქტიურია და ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვემზადებით მისი დაწყებისთვის. საერთაშორისო მატარებლის გარდა, ერევნიდან სევანისა და შორჟას მიმართულებით სეზონური ელექტრომატარებელიც იმოძრავებს. ეს საკმაოდ პოპულარული ზაფხულის მარშრუტებია და სამხრეთ კავკასიის რკინიგზა ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხო და კომფორტული ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა მელნიკოვმა.
რკინიგზელების გარდა შეხვედრაზე იმყოფებოდნენ იმ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოქალაქეების სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლის ნებართვაზე. მათთან განიხილეს მატარებლით სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამარტივების შესაძლებლობები.
სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ბაზაზე ტურისტული მატარებლის გაშვების საკითხი, რომელიც სომხეთში 3, ხოლო საქართველოში 6 დღის განმავლობაში იმოძრავებს. ინიციატორი იყო ჩეხური კომპანია „გეპარდ ექსპრესი“, რომელიც მარშრუტზე ძირითადად ევროპელი ტურისტების მოზიდვას გეგმავს.
ერევნიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 16 საათია. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება სომხეთისა და საქართველოს რკინიგზის მთავარ სადგურებში, ასევე ონლაინ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის ფონზე, თუმცა ამ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.