ერთი კვირა დიდი გამარჯვების შემდეგ - როგორ მივედით ევროპამდე

1 month ago 23
  • საქართველომ ახალი საფეხბურთო ციკლი ვილი სანიოლთან ერთად დაიწყო
  • ამ ეტაპზე 3-5-2 ოპტიმალური სქემაა, რომელიც ნაკრების სისუსტეებს მალავს
  • სანიოლმა კარგად მოახერხა ჩაკვეტაძის გუნდში ინტეგრაცია
  • კვარაცხელიას ფაქტორი გადამწყვეტი იყო ნაკრებისადმი დამოკიდებულების შეცვლაში

"ომი არასოდეს სრულდება" - ნიკა კვეკვესკირმა ეს რომ სოციალურ ქსელში დაპოსტა, ძალიან კარგად მახსოვს. წავიკითხე და ვიფიქრე: "კვეკვე, ტყუილად წერ, ამჯერად, მართლა დასრულდა ყველაფერი.“ მადლობა ღმერთს, რომ ვცდებოდი. თურმე რაღაც ახალი იწყებოდა.

იმ უბედურ დღეებში, კოვიდის, უიმედობის, გულგატეხილობის ფონზე, წაგებული ქვეყნის მენტალიტეტით, მაკედონიასთან თბილისში დავმარცხით ცარიელი ტრიბუნების და ხვიჩა კვარაცხელიას ჩავარდნილი კოვიდ-ტესტის გამო. ძალიან რთული იყო რაიმე ოპტიმიზმი გქონოდა. მაშინდელი ჩვენი ამბიცია და იმედი დღევანდელისას ვერ შეედრება. მაშინ უეფამ ერთა ლიგა გვაჩუქა და ლიგაში ყაზახეთებთან და ბელარუსებთან ჭიდაობა ჩვენთვის ნაჩუქარი შანსი იყო.

ვიცოდით, რომ არ ვიმსახურებდით და ეს ერთი შანსი გვქონდა - უეფას წყალობა. ისიც ვერ გამოვიყენეთ და ყველას გვქონდა განცდა, რომ ასეთი შესაძლებლობა მეტი აღარ გვექნება. ვაისის პერიოდის გუნდისგან მეტის მოლოდინი მართლა არ გვქონდა. როგორ მოვედით იმ დღიდან 26 მარტამდე?!

მადლობა, ვილი!

ვილი სანიოლს იმაზე მეტი ლანძღვა და კრიტიკა შეხვდა, ვიდრე იმსახურებდა. იყო მომენტები, როცა ბევრი ფიქრობდა, რომ ამ ქვეყანაში ყველა ერკვევა ფეხბურთში ერთი კაცის, ვილი სანიოლის გარდა.

რეალურად, ახალი გუნდი ახალი მწვრთნელის ხელში დაიბადა. დაიბადა, პირველ რიგში, ემოციურად, რადგან სანიოლს ყველაფერი ახლიდან ნამდვილად არ გამოუგონებია. მან განავითარა ვაისის დანატოვარი გუნდი და თან მართლა კარგი, პროგრესირებადი თაობა შეხვდა. სანიოლის ყველაზე მთავარი მონაპოვარი მისი გუნდის ემოცია, განწყობა, გუნდის შიგნით ატმოსფეროა.

მისი დანიშვნა იმ უიმედო დროში უკვე კარგი ამბავი იყო. ისიც მახსოვს, რომ გამიხარდა და თან გამიკვირდა. საქართველოს ნაკრებმა ყველა ქართველი სპეციალისტის კარიერა უკვე შეიწირა. ერთადერთი შოთა არველაძე იყო დარჩენილი, რომელსაც სამწვრთნელო კარიერა უფრო საქართველოს მიღმა ჰქონდა. თუ უცხოელ მწვრთნელს ველოდით, ალბათ, სადღაც პოსტსაბჭოეთიდან. ამ დროს ვილის დანიშვნა მართლა გამიკვირდა. შეიძლება იქამდე დიდი მწვრთნელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ფეხბურთის სამყაროში სახელიანი და ავტორიტეტული ადამიანია. მასთან ერთად სულ მცირე ის მაინც ვიცოდით, რომ "შემადგენლობას ვიღაც უყენებს", "თავის ფავორიტებს ათამაშებენ" და სხვა მსგავსი ისტორიები ნაკლები გავრცელდებოდა. მისი ავტორიტეტი კონსპირაციული თეორიებისთვის ნაკლებ ადგილს ტოვებდა.

ის ემოცია და განწყობა, რომელიც ზემოთ ვახსენე, პირველივე თბილისურ თამაშში იგრძნობოდა. თბილისში, ესპანეთთან შეხვედრაში, სტადიონზე გულშემატკივარის მესამედი დაუშვეს. კარგი საფეხბურთო საღამო გამოვიდა და უცებ საკმაოდ თამამი და ლაღი საქართველოს ნაკრები აღმოვაჩინეთ. ესპანეთს მაგრად ეომა, უგებდა კიდეც, მაკედონიასთან მარცხის ტრავმა თითქოს არც არსებობდა, პირიქით, ჟინი, მონდომება და იმედი ჩანდა გუნდში. მარცხი მხოლოდ ბოლო წუთზე დანი ოლმოს მართლა ალოგიკური, შორეული დარტყმით მივიღეთ.

ესპანეთამდე, სანიოლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, გასვლაზე, შვედეთთან საქართველომ ასევე მაგრად იომა, პირველ ტაიმში გაშვებული გოლით დამარცხდა, თანაც ისე, რომ ლევან შენგელიას ბოლოში გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

სანიოლის ხელში ამ გუნდს ჰქონდა ის, რაც არ ჰქონდა არცერთი თაობის საქართველოს ნაკრებს. ეს იყო პოზიტიური განწყობის, ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების უნარი. იქამდე ისტორიულად საქართველო პირველივე იმედგაცრუებისას ხელების ჩამოშვების გუნდი იყო ხოლმე.

ორი მძიმე, არცთუ სამართლიანი მარცხის შემდეგ, ორიოდე დღეში ნაკრებმა საბერძნეთში ითამაშა. დიდი შანსი იყო ესპანეთთან მართლა ცოტა უსამართლო და ტრაგიკული მარცხის შემდეგ ნაკრები დაღლილი და გატეხილი შეხვედროდა საბერძნეთში არცთუ სასიამოვნო გასვლას. პირიქით გამოვიდა - საქართველომ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თამამად, ინიციატივით, პირველ ნომრად და მაშინაც კი, როცა მატჩის ბოლოს ოთარ კაკაბაძის ძალიან უსამართლო ავტოგოლით ანგარიშში უკან გავიდა, ხვიჩას ბრწყინვალე ინდივიდუალური ოსტატობით გაათანაბრა. სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა იყო, თუმცა, თამაშიც ჩანდა და განწყობაც.

სანიოლის ხელში პოზიტივთან ერთად ისიც იყო, რომ გუნდს აშკარა ჩავარდნებიც ჰქონდა. ზოგადად, ფრანგ მწვრთნელს ექსპერიმენტები, ახალი მოთამაშეების გამოცდა უყვარს ხოლმე. ეს ხან ამართლებს, ხან - არა. შემოდგომაზე ნაკრებმა სამჯერ წააგო, მათ შორის ორჯერ სახლში, კოსოვოსთან და საბერძნეთთან. სამ თამაშში გოლიც არ გაგვიტანია. ისე ჩანდა, რომ სანიოლიც დასრულდა. ეს კაციც მოვინელეთ.

თუმცა, სანიოლის გუნდს მთავარი ეს მოულოდნელად დაბრუნების უნარი, არგატეხვის შინაგანი ძალის გამოჩენა ახასიათებდა. საქართველომ შესარჩევის ბოლო ორი თამაში მოიგო - გასვლაზე კოსოვოსთან და სახლში ძალიან სოლიდურ შვედეთთან. საქართველო მოულოდნელად დაბრუნდა.

ფრანგი მწვრთნელის ხელში გუნდმა ეტაპობრივად ჩამოაყალიბა მისთვის ყველაზე შესაფერისი სათამაშო სისტემა 3-5-2. ნაკრებს არ ჰყავდა ცენტრალური მცველების გამოკვეთილი დუეტი. გარანტირებული იყო მხოლოდ გურამ კაშიას თამაში. ნაკრების დაცვის ცენტრში სანიოლს ახალგაზრდა და სწრაფი მოთამაშეების მხრივ უჭირდა. სწორედ ამიტომ აქცენტი რაოდენობაზე გააკეთა. სამი ცენტრალური მცველი ყველაზე მნიშვნელოვან სათამაშო სივრცეში უფრო კომპაქტურ, მჭიდრო განლაგებას ქმნის და სივრცეებს ნაკლებად ტოვებს.

წინა წელს სანიოლმა ორჯერ შეცვალა სისტემა და გადავიდა 4-მცველიან, ანუ ორ ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაზე. ერთხელ ასე ნორვეგიასთან გადავეწყეთ, როცა გოლი გვქონდა გასატანი. ის გოლი გავიტანეთ, მაგრამ პარალელურად ჩვენს კარებთან ბევრი მომენტი შეიქმნა და რომ არა მამარდაშვილის სეივები, იმ თამაშში ერთზე მეტს გოლს გავუშვებდით. მეორედ ეს ესპანეთთან მოხდა და ჩვენს დაცვაში ბევრი სივრცე და 7 გაშვებული გოლი მივიღეთ.

სამი ცენტრალური მცველი წინა ხაზში ერთით ნაკლებ მოთამაშეს ნიშნავს და, მაგალითად, სკამზე ჯდომა შეიძლება მოუწიოს ზურიკო დავითაშვილს. თუმცა, სანიოლი, საბოლოო ჯამში, სწორად მიხვდა, რომ დაცვის ცენტრში გარისკვის უფლება არ გვაქვს.

კაშია კარგად აბალანსებს კვერკელიას, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მაღალი, ათლეტური და გაბარიტულია, თუმცა, პირველი პასი უჭირს. კაშია ცენტრალური მცველისთვის ყველაზე დიდი და მაღალი არ არის, თუმცა, კარგი პასი აქვს. სანიოლმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლოჩოშვილიც სცადა, რომელიც დაცვაში ძალიან კარგია, თუმცა ასევე რთულად იწყებს შეტევას. სწორედ ამიტომ სწორი მიგნება იყო ამ პოზიციაზე ლაშა დვალის გამოჩენა. დვალი ნომინალური ფლანგის მარცხენა მცველია და თან ცენტრალური მცველის ფიზიკა და უნარები აქვს, თან განაპირა მცველის - ტექნიკა, ბურთის ფლობა და პასში თამაში. გამოვიდა, რომ სამ მცველში ორს მაინც შეუძლია შეტევის დაწყება და ბურთის გათამაშება.

დაცვის ტრიომ ძალიან კარგად იმუშავა. პლეი ოფის ორ შეხვედრაში, 210 წუთში საქართველომ გოლი საერთოდ არ გაუშვა და მეტოქეებს მხოლოდ ორი აშკარა მომენტი შეაქმნევინა. ბევრს გვეგონა, რომ საქართველოსთვის ეს საგზური ხვიჩას, ჩაკვეს ან, ზოგადად, გოლებს უნდა მოეტანა. გამოვიდა ისე, როგორც ფინალებში და პლეიოფებში გამოდის ხოლმე. წარმატების მთავარი ფაქტორი კარგი დაცვა და ნულზე თამაშის უნარი იყო. იქამდე არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველომ არ დატოვა უკანა ხაზში სივრცეები, იპოვა სწორი სისტემა, მაქსიმალურად დამალა და დააბალანსა თავისი სისუსტეები და ზედიზედ ორჯერ კარგი დაცვით მეტოქეებს თითქმის არაფრის შანსი არ მისცა. მაშინაც კი, როცა საბერძნეთთან მატჩის დიდი ნაწილი მეტოქის ზეწოლის ქვეშ, დაცვიდან თამაში მოგვიწია.

დაცვით ხაზში დიდი იმედები უკავშირდება საბა საზონოვის სახელს. ბევრი მას პლეი ოფშიც ელოდება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ სოლომონ კვერკველიას იქამდე არცთუ იდეალური თამაშები ჰქონდა. საზონოვი იგივე ტიპის მცველია, ათლეტური, მაღალი და ძალიან კარგი მეორე სართულზე. სანიოლი საზონოვთან ფრთხილად არის ხოლმე. ჩემი აზრით, ამ ტიპის მცველი დაგვაკლდა შოტლანდიასთან ბოლო წუთებზე, როცა მეტოქემ ჩაწოდებებით და მაღალი ბურთებით შემოგვიტია და გოლიც ასე გაგვიტანა.

პლეი ოფის შეხვედრებში სანიოლი მარტივ სამწვრთნელო ჭეშმარიტებას მიჰყვა და დაცვა არ შეცვალა. დაცვაში მთავარი სისტემა და შეთამაშებულობაა. საზონოვს თამაში არ მოუწია, კვერკველია კი ძალიან კარგი იყო. ფრანგი მწვრთნელის გათვლამ იმუშავა.

3-5-2-ის ძირითად სათამაშო სქემად არჩევას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამ თაობის საქართველოს საკმაოდ ბევრი და კარგი არჩევანი აქვს ფლანგებზე, იმ ტიპის მოთამაშეებში, რომელთაც მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლიათ: წიტაიშვილი, შენგელია, კაკაბაძე, აზაროვი, ლობჟანიძე და გოჩოლეიშვილი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პლეი ოფების წინ სანიოლმა ორ ძალიან კარგ მოთამაშეზე (აზაროვი, ლობჟანიძე) თქვა უარი. მათ ნაწილს (გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი) ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. სანიოლის ერთ-ერთი მიგნება იყო ლევან შენგელიას მარცხენა "ლატერალად", ანუ მთელი ფლანგის მოთამაშედ დაყენება. შენგელია ძალიან კარგი იყო თითქმის ყველა თამაშში, რომელიც მან საქართველოს ნაკრებში ჩაატარა, მათ შორის ნახევარფინალსა და ფინალში.

კიდევ ერთი მისი სწორი გადაწყვეტილება გიორგი ჩაკვეტაძეს უკავშირდება. ჩაკვე ვაისის დროს ნაკრების მთავარი იმედი იყო. იქამდე, სანამ ტრავმები და კარიერული პრობლემები არ დაიწყო. თუმცა, შარშან გიორგი უკვე ჩვეულ ფორმაში იყო და ნაკრებში მისი ინტეგრაციის საკითხი დადგა. სიტუაციას ართულებდა ის, რომ მას და ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად ერთი და იგივე ზონები და მანევრი აქვთ (მაგალითად, მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფეხით შუისკენ შემოწევა). შეიძლება ისიც გეფიქრა, რომ ამ ორი მოთამაშისთვის 3-5-2 სქემაში საკმარისი ადგილი არც იყო. სანიოლმა ჩაკვეტაძე უფრო ნახევარმცველად აქცია, როცა ხვიჩა უფრო მეტად ფორვარდია.

3-5-2-ში ჩაკვე მარცხენა ნახევარმცველი გახდა. ამ დროს კითხვებს მხოლოდ ის იწვევდა, თუ როგორ მოახერხებდა საქართველო დაცვით ფაზაში ბალანსის დაცვას. ადრე ამ პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა, ანუ ის იყო ადამიანი, რომელიც მუდამ მოძრაობს და შეტევასაც ეხმარება და ნახევარდაცვაშიც არის. ზურიკო ძალიან შრომისუნარიანია და ბევრი სირბილი შეუძლია. ჩაკვეზე კითხვები გვქონდა და აღმოჩნდა, რომ დაცვით ფაზაში მასთან ერთად არაფერს ვკარგავთ. პირიქით, შემოქმედებითი, კარგი პასის, ბურთის ფლობის ფეხბურთელი გვემატება ნახევარდაცვაში. წინა ხაზში ჩაკვეს, რა შეუძლია, ეგ ყველამ ვიცით. ჩაკვეს წინა შესარჩევში 3 საგოლე გადაცემა ჰქონდა და თამაშში 1.2-ჯერ გაყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე, რაც გუნდში ოთარ კიტეიშვილთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია (ამაზე ხშირად თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე მხოლოდ ირაკლი აზაროვს გაყავს - თამაშში 1.7-ჯერ).

ჩაკვე ნახევარმცველის კვალობაზე ყველაზე დაცვითი მოთამაშე ნამდვილად არ არის. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ორივე თამაშში გიორგი დაცვით სამუშაოს კარგად ასრულებდა და ამ კუთხით ის თითქოს ახლიდან დავენახეთ.

ჩაკვესთან ერთად ნახევარდაცვაში ბალანსის პოვნას დაეხმარა, მეორე, ნახევარმცველად, ანუ მარჯვნიდან, გიორგი ქოჩორაშვილის გამოჩენა. ქოჩორას შრომისმოყვარეობა და დინამიურობა ამ ბალანსს აღადგენდა. საქართველის უფრო შემტევი მარცხენა და უფრო დაცვითი მარჯვენა ფლანგი ჰქონდა. შედეგად, საქართველო მარცხნიდან (ხვიჩა, ჩაკვე, აზაროვი, შენგელია) თავისი შეტევების 43 პროცენტს აწარმოებს (მარჯვნიდან - 36 პროცენტს, ცენტრიდან - 23 პროცენტს).

სანიოლმა სწორად გაარტყა გადამწყვეტ თამაშებში ოთარ კიტეიშვილის, დაცვის წინ, თამაშის გამშლელ ნახევარმცველად დაყენებაც. კიტეიშვილს შუაში ყველგან შეუძლია თამაში. მატჩში ის 53 გადაცემით (93 პროცენტი სიზუსტე) ჩვენს ნაკრებში მთავარი ფეხბურთელია, რომელიც ბურთის მოძრაობას უზრუნველყოფს.

ზემოთ სანიოლის შეცდომებზეც ვთქვით. კარგი ის იყო, რომ ყველა ექსპერიმენტი იყო თუ შეცდომა, მაშინ მოხდა, როცა ამას ნაკლებად სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. პლეი ოფისთვის ფრანგ მწვრთნელს უკვე ჰქონდა ნაპოვნი სისტემა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა ეთამაშა. სწორ დროს და სწორ ადგილას შეცდომა არ დავუშვით.

ხვიჩას ფაქტორი

ქართულ ფეხბურთში რა ცვლილებებიც ხდება ყველაზე მეტად ერთი ადამიანის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელთან არის დაკავშირებული. მისმა ფაქტორმა ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ შეცვალა.

ხვიჩას წყალობით, ხალხს ქართულ ფეხბურთზე გული იქამდე მოუბრუნდა, სანამ სანაკრებო წარმატება მოვიდოდა. ხალხმა ხვიჩას გამო სტადიონების გავსება და ღამეების თენება დაიწყო. ვიცი ისტორიებიც, როცა კვარაცხელიას ფაქტორი ადამიანებს ისეთი მტკივნეული და რთული ცხოვრებისეული ეტაპების გადალახვაში დაეხმარათ, როგორიც ოჯახის წევრების, ძვირფასი ადამიანების დაკარგვაა.

შეიძლება სანიოლის ხელში ნაკრებში ძალიან კარგი განწყობა და ატმოსფეროა და ნაკრებს შეუძლია კრიზისული მომენტების შემდეგაც კი არ დაკარგოს მხნეობა, მაგრამ ის, რომ ამ გუნდის რწმენა და იმედი გაჩნდა, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, ყველაზე მეტად კვარაცხელიას დამსახურებაა.

გარდა ამისა, მასთან ერთად მუდამ გყავს მსოფლიო კლასის მოთამაშე, ისეთი, რომელსაც შეუძლია შოტლანდია-ესპანეთს ორ თამაშში 3 გოლი გაუტანოს, ანდაც შვედეთს დუბლით მოუგოს.

კვარაცხელიას უპირატესობა განსაკუთრებით ერთა ლიგაზე გამოჩნდა. ბულგარეთთან და მაკედონიასთან, C დივიზიონში საქართველოს ხვიჩას სახით ისეთი მოთამაშე ჰყავდა, რომელიც მეტოქესთან შედარებით დიდ სხვაობას იძლეოდა.

ამ თაობის ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მაკედონიასთან გასვლითი შეხვედრა. იმ ტრავმული მარცხის შემდეგ მაკედონიაზე რევანში ღირსების საქმე იყო, თანაც ამ შეხვედრაში ჯგუფის გამარჯვებულის ბედი დიდწილად წყდებოდა. ნაკრებმა თავისი სახე იმ მატჩში, საკმაოდ უსიამოვნო და უხერხულ მაკედონიასთან კარგად აჩვენა. კარგი დაცვა და წინ ხვიჩას დუბლი.

რა გვაქვს და რა არ გამოვიდა

ბევრს გვეშინოდა ლუქსემბურგთან თამაშის. ხვიჩას გარეშე ეს გუნდი თითქოს არც გვინახავს და რთულად წარმოგვედგინა. აღმოჩნდა, რომ ხვიჩას გარეშეც ჩვენ გვაქვს სათამაშო სისტემა, ორგანიზაცია, დისციპლინა და საკმაოდ ნიჭიერი თაობა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში უდიდესი შინაგანი ძალა, ბრძოლისუნარიანობა და სიმტკიცე აჩვენა. ლუქსემბურგს კლასით და სისტემით მოვუგეთ, საბერძნეთთან უკვე განსაკუთრებული ბრძოლა და ხასიათიც დაგვჭირდა.

მაკედონიასთან მარცხისგან განსხვავებით, ეს უკვე აღარ იყო ერთი და ერთადერთი შანსის გამოყენება. უეფას მიერ ბოძებული სუსტებისთვის გაკეთებული გზით სარგებლობა. ამ საქართველოს უკვე ამბიცია აქვს, რომ თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდებს არაფერს დაუთმობს და დიდი ტურნირების საგზურისთვის არამხოლოდ ერთა ლიგაზე, არამედ შესარჩევშიც იბრძოლებს. კარგი ის არის, რომ ეს გუნდი მზარდია. ბევრი ახალგაზრდა, პროგრესირებადი მოთამაშე ჰყავს და უკეთესი გახდება.

ანუ ერთი დიდი ნაბიჯი წინ აუცილებლად გადავდგით. არამხოლოდ შედეგის, უფრო სწორად ისტორიული შედეგის დონეზე, არამედ, თამაშითაც, განვითარების კუთხითაც.

საქართველო, შესაძლოა, სტაბილურად უგებდეს ბულგარეთს, მაკედონიას და კვიპროსს, თუმცა შოტლანდია-საბერძნეთი-ნორვეგიის კლასის გუნდებთან (ევროპის ჩემპიონატზე ამავე კატეგორიიდან თურქეთი და ჩეხეთი გველოდებიან) შეგვიძლია ვიბრძოლოთ, არაფერი დავუთმოთ, ქულები დავაკარგვინოთ (განსაკუთრებით თბილისში), თუმცა სტაბილურად, სისტემატურად გამარჯვება ჯერ არ გამოგვდის. ამ კატეგორიასთან ბოლო 1 წელში, რაც ვითამაშეთ, 5-დან 3 ფრე იყო თბილისში და ორჯერ გასვლაზე დავმარცხდით.

შემდეგი ამოცანა ეს უნდა იყოს. შესარჩევის დონეზე ამბიციით თამაში. შესარჩევი და ერთა ლიგის B დივიზიონი სექტემბრიდან იწყება. იქამდე ევროპის ჩემპიონატია, დიდი ზეიმი, რომელიც დავიმსახურეთ. შემთხვევით ნამდვილად არ მოსულა. უკან რომ გაიხედავ, განვითარების გზას ხედავ.

სრულად წაკითხვა