ეს გამარჯვება გვჭირდება და ვიმსახურებთ! რატომ უნდა მოიგოს საქართველომ

1 month ago 36

ისტორიულადაც ასეა და თანამედროვეობაშიც ეს ბედი გვერგო: ბრძოლები, ანუ კონკრეტული მომენტები, კონკრეტული ამბები და დღეები მოგვიგია, თუმცა ომი, ანუ დიდი, სტრატეგიული ამბავი თავისი ხელშესახები შედეგებით - იშვიათად. 

ჩვენს საფეხბურთო ისტორიაშიც ასეა - გვეამაყება გიორგი ქინქლაძის გაელვება, შოთას გოლები და კალაძის ჩემპიონთა ლიგები, რუსეთთან მალხაზ ასათიანის გოლი, ბულგარეთი და ხორვატიასთან "საქართველომ გაიტანა", მაგრამ ეს ყველაფერი მომენტებია, მოკლე ამბები, რომლებიც ჩვენს ემოციებში ცხოვრობს, თუმცა დიდი, ხელშესახები, საქვეყნო, სტრატეგიული მნიშვნელობის შედეგი არ ჰქონია. 

სწორედ ამიტომ, ჩვენი საფეხბურთო თუ საზოგადოებრივი მსოფლაღქმა, გაგება უფრო იმას ეფუძნება, რომ "ლამაზად წავაგეთ", "ნიჭიერები ვართ, თუმცა არა პრაგმატულები", "არ გაგვიმართლა" და სხვა ამგვარი.

დღეს ისტორიული დღეა იმიტომ, რომ არამხოლოდ პირველ დიდ ტურნირს ველოდებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არამედ ამ დღემ ჩვენი საკუთარი თავის აღქმა, ჩვენი მენტალობაც უნდა შეცვალოს. ტრაგიკული მარცხის კი არა, დიდი გამარჯვების ისტორია გვჭირდება.

13 მაისზე იმიტომ ვსაუბრობთ ამდენს, რომ სხვა არ გვაქვს, ამ სიდიდის და ამ მასშტაბის. ჩვენ გვჭირდება დიდი, სტრატეგიული გამარჯვება, ომის მოგება, რომელიც საკუთარი ძალების რწმენას მოგვცემს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ლუქსემბურგთან დიდი დღე იყო, თუმცა ფინალში გამარჯვების გარეშე, ის თამაშიც მხოლოდ ერთ მომენტად დაგვრჩება. დაგვამახსოვრდება ბუდუს დუბლი და სტადიონის ატმოსფერო.

საერთოდ, არასოდეს მინახავს ეს ქვეყანა ასეთი ერთიანი, ემოციური, იმედიანი, მომლოდინე და დამუხტული, როგორც ამ დღეებში. ბილეთებზე, უფრო სწორად, მის არშეხვედრაზე რომ ვჩხუბობთ, თავისებურად ეგეც კარგია. ეს აჟიოტაჟი იმასაც ნიშნავს, რომ ყველას უნდა, სტადიონზე დიდი გამარჯვების ნაწილი იყოს. ფეხბურთის სიდიადე იმაშიც არის, რომ ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ფენომენია. ყველას და ყველაფერს აერთიანებს. დღეს გამარჯვებაში უნდა გავერთიანდეთ და არა ტრაგიკულ მარცხში.

მეტი ნაკრების თემაზე

ჩემმა ბავშვობის მეგობარმა დღევანდელი დღე იმის კითხვით დაიწყო, რომ ხომ ნამდვილად მჯერა საფეხბურთო ღმერთის თუ სამართლიანობის. ანუ ამდენი ლოდინი, ტანჯვა და ემოცია შეიძლება უკვალოდ გაქრეს?! იცის, რომ მართლა მჯერა, ამიტომაც მკითხა - გულის სიღრმეში თავს იმშვიდებდა.

იმდენი გვაქვს განცდილი და გადატანილი მოედანზეც და მის მიღმაც, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. დღეს დიდი ზეიმის დღე უნდა იყოს, სახალხო სიხარულის. საქართველოს სჭირდება თავისი, საკუთარი, დიდი, სახალხო გამარჯვება. ჩვენი ომის მოგების დღე უნდა იყოს. ამ დღეს და ამ გამარჯვებას შეუძლია, ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი თვითაღქმა. მართლა მჯერა, რომ ეს მოგება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მეტოქეს. ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს რწმენას, იმედს და მოლოდინს!

სრულად წაკითხვა