'ეს პირადად ჰაუის სურს' - The Times მამარდაშვილის ნიუკასლში ტრანსფერზე

2 months ago 44
  • 'ეს იმის დასტური იქნება, რომ კლუბი მომავალშიც სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლებს'
  • The Times არ გამორიცხავს, რომ ნიუკასლმა ქართველში სარეკორდო თანხა გადაიხადოს

ბრიტანულ პრესაში სულ უფრო ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. ამჯერად, ამ თემას The Times გამოეხმაურა, რომელიც გვამცნობს, რომ მამარდაშვილის გადაბირებით პირადად ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ არის დაინტერესებული და არაა გამორიცხული, "კაჭკაჭები" ქართველის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას დათანხმდნენ.

"მომავალ ზაფხულს ნიუკასლი ახალი მეკარის ყიდვას გეგმავს და როგორც სჩანს, შესაბამისი კანდიდატურაც შერჩეული ჰყავს. "კაჭკაჭები" პრობლემის წინაშე ნიკ პოუპის ტრავმის შემდეგ დადგნენ და მართალია, მარტინ დუბრავკა ყველანაირად ცდილობს ის ღირსეულად შეცვალოს, აშკარაა, რომ კლუბს მაღალი კლასის გოლკიპერის დამატება სჭირდება.

ნიუკასლს თვალახედვის არეში ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჰყავს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს კლუბის მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი იმის მომასწავებელი იქნება, რომ "კაჭკაჭებს" მომავალ სეზონშიც სერიოზული მიზნები ექნებათ.

ვალენსიას ქართველ მეკარეზე სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა

მამარდაშვილი სრულად შეესაბამება ნიუკასლის მოთხოვნებს. იდეალურ ასაკშია და ნამდვილად შეუძლია პრემიერლიგის კლუბის შეუცვლელ გოლკიპერად იქცეს მომავალი 10 წლის განმავლობაში. სხვა საქმეა, რომ ტრანსფერი იაფი ნამდვილად არ დაჯდება.

მამარდაშვილის კონტრაქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 85 მილიონი ფუნტია და თუკი ნიუკასლი მის გადახდას დათანხმდა, ქართველი მეკარე კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. ამ დროისთვის, ამ მხრივ პირველ ადგილზე ალეკსანდერ ისაკია. მის სანაცვლოდ რეალ სოსიედადს 63 მილიონი გადაუხადეს. შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ გოლკიპერის მოსაყვანად ასეთი ხარჯის გაწევა გაუმართლებელია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამარდაშვილი გამორჩეული ტალანტია".

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 31 გოლი გაუშვა, 9 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა, რაც მისი ესპანური კარიერისთვის სეზონის რეკორდია. რუბენ ბარახას მიერ გაწვრთნილ ვალენსიას სატურნირო ცხრილში 40 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 17 მარტს, სტუმრად, ვილიარეალთან ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა