'ეს უფრო დიდ მუხტს გვაძლევს' - შოთა არველაძე ბერძნებთან ფინალზე

1 month ago 53

ლუქსემბურგის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 მარტს, "დინამო არენაზე" ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. ოცნების ასრულებამდე მხოლოდ ერთი მოგება გვაშორებს და წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება.

საქართველოს ნაკრების ლეგენდამ, შოთა არველაძემ, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდის მაისურით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ბერძნულ SDNA-სთან ლუქსემბურგთან შეხვედრა შეაფასა და მომავალ დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.  

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ თამაშის საყურებლად საქართველოში მივფრინავ. ეს ფინალი ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც საბერძნეთისთვის. საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის მატჩს ვუყურე. ბერძნებმა დიდებულად ითამაშეს. იგივეს ვიტყოდი საქართველოზეც. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ლუქსემბურგს 2:0 მოვუგეთ და ახლა ყველაფერი, რაც ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციას ეხება, საბერძნეთთან შეხვედრაში გადაწყდება.

ვფიქრობ, რომ მრავალმხრივი გუნდი გვყავს, რომელშიც დიდი გამოცდილების მქონე კარგი ფორვარდები, ვინგერები, ნახევარმცველები და მცველები თამაშობენ. მეკარეც ასევე შესანიშნავია. ბოლო 5-6 წელია კარგად ვთამაშობთ, განსაკუთრებით, ერთა ლიგაში, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მეორეჯერ ვცდილობთ. გემახსოვრებათ, როგორ ახლოს ვიყავით 2020 წლის ნოემბერში, როცა ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.

თუ ორივე გუნდის თამაშის ხარისხს შეხედავ, მიხვდები, რომ ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს. ორივე გუნდშია ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა ბურთთან ერთი შეხებით შეუძლიათ. თუ ვინმე სტატისტიკას შეხედავს, ნახავს, რომ საბერძნეთი არასდროს დაგვიმარცხებია. საბერძნეთთან თამაში ძალიან გვიჭირდა და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. თუ სწორად მახსოვს, საბერძნეთთან 9 შეხვედრიდან 7-ში დავმარცხდით.

მეტი ნაკრების თემაზე

ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა ჩვენს სახლში გაიმართება, უფრო დიდ მუხტს გვაძლევს. ბიჭები კარგ ფორმაში არიან, რადგან თავიანთ გუნდებში თამაშობენ და გოლებსაც იტანენ. კარგ მატჩს ველოდები. ნაბიჯის წინ გადასადგმელად და ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, საბერძნეთის დამარცხება გვჭირდება. ჩვენი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. როგორც მწვრთნელმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ისეთი მოთამაშეები გვყავს როგორიც, მაგალითად, კვარაცხელიაა, რომელსაც ევროპის ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში. ძალიან კარგი მეკარე გვყავს, რომელიც ვალენსიაში თამაშობს და ყველა ბურთს იგერიებს.

პელკასს ჰალში, ხოლო კურბელის კარაგიუმრუკში ვავარჯიშებდი. ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან. ყველა ბერძენს ვიცნობ, რომლებსაც ტრაბზონში უთამაშიათ, მათ შორისაა ბაკასეტასიც, რომელიც ფანტასტიკური ფეხბურთელია. ინგლისში მოთამაშე ბერძნები შესანიშნავად თამაშობენ და ვიცით, რომ რთული მეტოქე გვყავს", - აღნიშნა არველაძემ.

როგორც იცით, შოთა არველაძემ ცოტა ხნის წინ თურქულ კარაგიუმრუკს წვრთნიდა, საიდანაც მარტის დასაწყისში წამოვიდა.

სრულად წაკითხვა