08.07.2026
დღეს, 8 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციაც შედის.
რეზოლუციის სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არის. რეზოლუცია სახელწოდებით, „არჩევნების მთლიანობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა საქართველოში“, მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებულ ყველა საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას.
რეზოლუციის კრიტიკულ ჩანაწერებს „ქართული ოცნების“ დელეგაციის კრიტიკა და წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ „ქართული ოცნების“ დელეგაციამ კენჭისყრის დაწყებამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„მე მაქვს პროცედურული შენიშვნა კენჭისყრის წესებთან დაკავშირებით და მსურს, საქართველოს დელეგაციის სახელით გავაკეთო შემდეგი განცხადება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ნაწილები განზრახ ამახინჯებს პოლიტიკურ რეალობას საქართველოში, უხეშად წარმოაჩენს მცდარად და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვებისა და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობას არ მიიღებს კენჭისყრის პროცესში.
ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ჰააგაში — საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მსურს ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის პროცედურების ოქმში, და ასევე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების პარლამენტს დიდი მასპინძლობისთვის და ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის პასუხად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსიმ განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია.
„როგორც იცით, ადგილების ცარიელი დატოვება, მათ შორის თქვენს ქვეყანაშიც, არ იყო კარგი გადაწყვეტილება, ასე რომ, თქვენ აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ადგილების ცარიელი დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, არის ერთად ყოფნა კონფლიქტების გადაჭრის მცდელობისას“, – განაცხადა პერე ჟოან პონსიმ.
რა წერია რეზოლუციაში?
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:
- შეშფოთებულია საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან დარღვევებს, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებას, ზეწოლას საჯარო მოხელეებზე და ხმის მიცემის პროცესში ფარულობის დარღვევას;
- შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნებით, ბიულეტენებით მანიპულირებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ ცნობებით, „კარუსელებითა“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლით;
- გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ცვლილებებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რაც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და დამთრგუნველ ეფექტს ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე;
- შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებითა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციით, რამაც შექმნა არათანაბარი საარჩევნო გარემო, შეარყია საზოგადოებრივი ნდობა დემოკრატიული პროცესის მიმართ და ჩამოაყალიბა დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა;
- გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და იმ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თვითნებური დაკავებების, დაპატიმრებებისა და დევნის გაგრძელებას, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს;
- კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემის ეროზია და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ;
- ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მის შესაბამისობაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:
- გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტპატიმარი, რომლებიც ასეთად არიან მიჩნეულნი ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფების მიერ;
- გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზღუდავს ძირითად თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში;
- დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებულ ყველა საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები;
- ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) კონსულტაციით, დაიწყოს რეალური რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად;
- უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ შეძლონ საქმიანობა დასჯის შიშის გარეშე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს თავის წევრებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას:
- მუდმივად მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენა და მომავალი საარჩევნო პროცესების იმგვარად ორგანიზება, რაც სრულად შეესაბამება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს;
- არ აღიარონ საქართველოში გამართული არცერთი არჩევნების შედეგები, რომლებიც არ იქნება აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ;
- შეინარჩუნონ სიფხიზლე საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისას და გააგრძელონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიული ფასეულობებისკენ სწრაფვაში.

3 weeks ago
43







English (US) ·
Georgian (GE) ·