ექიმ ჩახუნაშვილს 19 ივნისს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმის ფარგლებში.
აკადემიის წევრები საქმის “საფუძვლიანად და ობიექტურად გადახედვას” მოითხოვენ - “კანონის გათვალისწინებით და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით”. 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, წაიკითხეს ერთობლივი განცხადება, სადაც კიდევ რამდენიმე მოთხოვნაა ჩამოთვლილი:
- სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასება სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან.
- საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ.
- პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულად დაცვა - სასჯელის აღსრულების პერიოდში.
ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო სამედიცინო და აკადემიურ საზოგადოებას საქმის მონიტორინგისკენ.
„გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებას და განათლებას. მისი პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია. ის იყო ექიმის, პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ჰუმანიზმის მაგალითი”, - აღნიშნავენ აკადემიის წევრები ერთობლივ განცხადებაში.
19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი საპატიმრო განაჩენი გამოუცხადა “4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის" საქმეში ბრალდებულ კიდევ 6 ადამიანს: დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს.
პროფესორმა ჩახუნაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს აქციაზე იყო მისული, ხოლო როცა ვითარება აიარა, პრეზიდენტის სასახლის ეზოში მხოლოდ ექიმის მოვალეობის შესრულებას ცდილობდა და ბოდიშს ვერ მოიხდის იმაზე, რაც არ გაუკეთებია.
“9 თვეა გარეთ ვარ, რა გავაკეთე ამ დროში? - გამოვუშვი ორი სამედიცინო ჟურნალი, ორი ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელიც ჩინეთში დაიბეჭდება, გამოვეცი სახელმძღვანელო, გადავარჩინე სამი პატარა ბავშვი, მშობლებს შეიძლება აბორტი გაეკეთებინათ. თქვენ [ მოსამართლე] ურთულეს მდგომარეობაში ხართ, ეს იმიტომ მოვყევი, რომ ახლა თქვენ გადაწყვიტოთ, გარეთ უფრო საშიში ვარ თუ შიგნით", - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა სასამართლოს სხდომაზე, 19 ივნისს.
განაჩენის გამოცხადებამდე, ექიმი გირაოს წესით იყო გათავისუფლებული.
დაპატიმრებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ბრალი წაყენებული ჰქონდათ 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. “4 ოქტომბრის საქმის” ფიგურანტებს რამდენიმე ჯგუფად ასამართლებდნენ. 64 ადამიანიდან საპროცესო შეთანხმება 22-ს გაუფორმდა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·