WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქუთაისში, მდინარე რიონში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაღუპულ 18 წლის ბერდია ხაბულიანსა და 20 წლის მათე ობოლაძეს გლოვობენ. ორი ახალგაზრდა, რომლებიც სიცოცხლით სავსენი იყვნენ, ერთ უბანში ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ და წინ უამრავი გეგმა ჰქონდათ…

ტრაგედია 3 ნოემბერს, ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან მოხდა. ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათ ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები, ასევე ახლობლები, რომლებიც ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ. სამწუხაროდ, ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.

დაღუპულები ქუთაისში, ნიკეას უბანში ცხოვრობდნენ. ბერდია ხაბულიანი 18 წლის იყო, მათე ობოლაძე კი – 20-ის.

ბერდიას მეგობრები და ახლობლები მას განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ. ამბობენ, რომ მხიარული, ნიჭიერი, ღიმილიანი და მეგობრებისთვის თავდადებული ბიჭი იყო.

როგორც ბერდიას დედის მეგობარი იხსენებს, ახალგაზრდა სახლიდან გასვლის წინ დედას ამშვიდებდა:

„ნუ გეშინია, თიკო, მე არაფერი დამემართებაო“.

მისი თქმით, ბერდია ძალიან მზრუნველ ოჯახში გაიზარდა, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილი იყო. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ჰყავდა პატარა დაიკო, ბებია და ბაბუა კი ლენტეხში ცხოვრობენ.

მეგობრის მონაყოლში განსაკუთრებით მძიმეა ერთი დეტალი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ გახდა ცნობილი:

„მანქანა რომ ამოიყვანეს მაშველებმა გუშინ, ორივე ერთად უპოვიათ მანქანაში. ასე უთქვამთ ექსპერტებს, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო.

მათეს გული გასკდომია და ბერდია უკნიდან მიხუტებული ყოფილა, ეტყობა, ცდილობდა მანქანიდან მის გადაყვანას. ისეთი იყოო ბიჭი, არ მიატოვებდა არავისო“.

აღნიშნული დეტალი ახლობლების მონაყოლს ეფუძნება.

ბერდიას მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება:

„რამდენი მოგონება გვაქვს ერთად, რამდენი სიცილი, რამდენი საუბარი, რამდენი დაუვიწყარი დღე… ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ამ მოგონებებს ცრემლებით გავიხსენებდი. ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ შევხვდებით, ვეღარ გავიცინებთ ერთად. ძალიან მომენატრები. არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საუკეთესო მეგობარო. მიყვარხარ, ბერდო, მუდამ ჩემს გულში იქნები“.

მათეს მეგობრები და ახლობლები მასაც განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ. მათი თქმით, ის ბავშვობიდანვე ყველასგან გამორჩეული, თბილი და საყვარელი ბიჭი იყო.

მათე 20 წლის იყო, სწავლობდა წერეთლის უნივერსიტეტში და, როგორც ახლობლები ამბობენ, წარმატებული ახალგაზრდა გახლდათ. მასაც ჰყავდა უმცროსი და.

მათეს მეგობრის დედა იხსენებს, რომ ბიჭები ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ბევრი საერთო მოგონება აკავშირებდათ.

„ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა, არ ვიცი. უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. ჩემს თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. ჩემი შვილის თანაკლასელი და საუკეთესო მეგობარია. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ჩვენი უსაყვარლესი მათუნა აღარ გვყავს…“

მათეს მეგობარიც ემოციური სიტყვებით ემშვიდობება:

„ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ამდენი წელი გვაკავშირებდა, ამდენი საერთო მოგონება გვქონდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასე მოულოდნელად დაგვტოვებდი. როგორი ძნელია იმის გააზრება, რომ აღარ იქნები, რომ ვეღარ შეგხვდებით, ვეღარ გაგესაუბრებით. ძალიან ადრე წახვედი, მათე, ძალიან ადრე… უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული“.

ადგილობრივები სახიფათო გზაზე საუბრობენ

ტრაგედიის შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილი სახიფათოა და წლების განმავლობაში გზის უსაფრთხოების საკითხი პრობლემად რჩება.

მისი თქმით, გზაზე არ არის სათანადო მოაჯირები, დაზიანებულია გზის საფარი, ქვები ცვივა, ხოლო სანიაღვრე სისტემის გაწმენდას ხშირად თავად მოსახლეობა ცდილობს.

ადგილობრივის განცხადებით, მოსახლეობას მერიისთვის არაერთხელ მიუმართავს და გზაზე უსაფრთხოების ზომების გატარებას ითხოვს.

„არც მოაჯირები არის, არც გზა ვარგა, ქვები ცვივა და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვწვალობთ სანიაღვრე სისტემის გაწმენდას, გზის გასუფთავებას… წლებია ვითხოვთ მოაჯირებს და არ აკეთებენ, არის სახიფათო გზა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.