'ვგრძნობდი, რომ ამის გამო მეტოქეს ეშინოდა' - კაშია მატჩის შემდეგ

1 month ago 73

საქართელოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს! ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მატჩის შესახებ ისაუბრეს. თავისი გუნდის თამაში შეაფასა გურამ კაშიამ.

გურამ კაშია: "მინდოდა, ჯაბასთვის პატივისცემა გამომეხატა, რადგან ის ჩემამდე იყო კაპიტანი, ისე მოხდა, რომ წავიდა და შემდეგ დაბრუნდა. მასთან ერთად დიდი ხანია ვთამაშობ და ის ჩემი მეგობარია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური, ორივე გამოცდილი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, რომ გუნდს დავეხმაროთ.

ბიჭები შევთანხმდით, რომ ემოციურად არ დავიხარჯებოდით. რა თქმა უნდა, გვიხარია, ფინალში გასვლა დიდი წარმატებაა ჩვენთვის, მაგრამ გვინდა, რომ მშვიდად ვიყოთ, ძალები აღვიდგინოთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ, მადლობა გულშემატკივარს, რადგან ძალიან დიდი მუხტი მოგვცეს, ისე ვგრძნობდი, რომ ამის გამო მეტოქეს ეშინოდა, ემოცია მოდიოდა გულშემატკივრისგან. დარწმუნებული ვარ, არავის სიამოვნებს ჩვენ წინააღმდეგ ასეთ გარემოში თამაში.

რაღაც გამოცდილება შევიძინეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ძალიან თავდაჯერებულად თამაშობდნენ და ძალიან მაგარია, რომ მათ ასეთ წნეხში თამაში თავისუფლად შეუძლიათ. ყოველთვის ეს გვიჭირდა და დღეს ყველაფერი გამოგვივიდა. ვფიქრობ, უკეთესად შეგვიძლია თამაში. ბევრ მომენტში უაზროდ ვკარგავდით ბურთს, მაგრამ ამინდიც არ გვიწყობდა ამაში ხელს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში 26 მარტს, "დინამო არენაზე" საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.

სრულად წაკითხვა