WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მის შესახებ.

პაპუაშვილმა 9 სექტემბერს ამაღლობელს „ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი“ უწოდა და თქვა, რომ მას „ყველაზე მცირე სასჯელი“ მიუსაჯეს, - რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

10 სექტემბერს მზია ამაღლობელმა განაცხადა: „გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამომაცხადეს“.

„გრცხვენოდეთ“ - ამაღლობელი პაპუაშვილს

„ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია“, - წერს ამაღლობელი წერილში, რომელსაც მისი დაფუძნებული „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

„ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას“, - წერს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი.

„ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია. მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს“, - წერს ჟურნალისტი.

„თქვენც დაელოდეთ, ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“, - წერს ის.

  • მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2026 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეოთხე საჩივარი გაგზავნა;
  • ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდადებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

რა თქვა პაპუაშვილმა

შალვა პაპუაშვილმა ამაღლობელის შესახებ კიდევ ერთხელ ილაპარაკა 9 სექტემბერს, - როდესაც დეზინფორმაცია უწოდა გაეროში ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში „თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებზე“.

„მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან... საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული იყო მზია ამაღლობელისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, ეს იყო დანაშაული და რომ ქცევა იყო არასწორი“ - თქვა პაპუაშვილმა.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორი მედიასაშუალების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი გაასამართლეს, საპატიმრო სასჯელის გარდა, ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობასაც.
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასჯელის სახედ გამოიყენა პატიმრობა, თუმცა საპატიმრო სასჯელს შორის ყველაზე მინიმალური ვადა - 2 წელი. მას ასევე შეეძლო გამოეყენებინა შინაპატიმრობა ან ჯარიმა.

„ადმინისტრაციული გადაცდომა“

  • თუმცა უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ ამაღლობელის ქმედება - სილის გაწვნა - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.
  • მზია ამაღლობელისგან მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ თავს დაესხა პოლიციელს - მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
  • ადვოკატი სასამართლო სხდომებზე ადასტურებდა, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელს სილა გააწნა, თუმცა ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა, როგორც ამის ფორმულირებას ახდენდა პროკურატურა. მაია მწარიაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო ადმინისტრაციული გადაცდომა.

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
  • იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
  • პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.